ვლადიმერ პუტინმა და დონალდ ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს, მათ მოსკოვსა და კიევში ამერიკელი მომლაპარაკებლების ვიზიტი განიხილეს

19:42, 08.09.2026

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის განცხადებით, ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართა დონალდ ტრამპთან. მისი თქმით, საუბარი ზუსტად ერთ საათს გაგრძელდა და „კონსტრუქციული და გულახდილი“ იყო. მხარეებმა სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის მოსკოვსა და კიევში ვიზიტები განიხილეს.

რუსეთში ამერიკელი მომლაპარაკებლების ვიზიტის შედეგები კრემლში „დადებითად შეაფასეს“ და ამ არხით მუშაობა გაგრძელდება.

უშაკოვის თქმით, ტრამპი დაინტერესებულია, რომ საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში უკრაინაში ომის დარეგულირებაში გარღვევას მიაღწიოს.

ამერიკის პრეზიდენტმა უკრაინაში ომის დასრულება რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების სრული აღდგენის პირობად დაასახელა და აღნიშნა, რომ ამას ორივე მხარისთვის „უზარმაზარი სარგებლის“ მოტანა შეუძლია.

თავის მხრივ, პუტინმა დადებითად შეაფასა აშშ-ის, როგორც შუამავლის, ძალისხმევა და აღნიშნა, რომ რუსეთს „აზრადაც არ აქვს რაიმე აგრესიული გეგმების განხორციელება ევროპის მისამართით“.

როგორც უშაკოვმა თქვა, მთლიანობაში „საუბარმა პოზიტიურად ჩაიარა“.

აშშ-ში საუბრის შინაარსზე ჯერ კომენტარი არ  გაუკეთებიათ.

მსგავსი