ვლადიმერ პუტინმა აკრძალა ქვეყნიდან მილიონ რუბლზე მეტი ნაღდი ფულის გატანა სომხეთში, ბელარუსში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, აზერბაიჯანში, ტაჯიკეთსა და უზბეკეთში

15:57, 29.09.2026

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აკრძალა ქვეყნიდან მილიონ რუბლზე მეტი ნაღდი ფულის გატანა სომხეთში, ბელარუსში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, აზერბაიჯანში, ტაჯიკეთსა და უზბეკეთში.

რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებით, იურიდიულ პირებსა და ინდივიდუალურ მეწარმეებს აღნიშნულ ქვეყნებში ნაღდი ფულის გატანა, თანხის ოდენობის მიუხედავად, სრულად ეკრძალებათ.

განკარგულება გამონაკლისებსაც ითვალისწინებს. კერძოდ, შეზღუდვები არ შეეხება იურიდიული პირების მიერ ნაღდი ფულის ტრანზიტით გადაზიდვას და საზღვარგარეთ რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობების უზრუნველსაყოფად ფულის გატანას.
დანარჩენ შემთხვევებში ნაღდი ფულის გატანა შესაძლებელი იქნება მთავრობის მიერ განსაზღვრული აეროპორტებიდან. პირმა თან უნდა იქონიოს ბანკის ამონაწერი, რომელიც დაადასტურებს, რომ თანხა იმ პირის ანგარიშიდანაა გამოტანილი, რომელსაც ის გადააქვს.

აკრძალვის დარღვევის შემთხვევაში თანხის კონფიკაცია მოხდება. იურიდიულ პირებსა და ინდივიდუალურ მეწარმეებს ფულს სრულად ჩამოართმევენ, ხოლო ინდივიდუალურ პირებს – დაშვებულ მილიონ რუბლზე მეტ ოდენობას.

ცნობისთვის, ახალი განკარგულებით მკაცრდება ნაღდი ფულისა და ოქროს გატანაზე დაწესებული შეზღუდვები, რომლებიც პუტინმა 2026 წლის აპრილში შემოიღო.

მსგავსი