ვლადიმერ პუტინმა აღიარა, რომ ქვეყანაში საწვავის მიწოდების შეფერხებების გამო რამდენიმე რეგიონში დეფიციტი შეიქმნა

23:30, 28.06.2026

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აღიარა, რომ ქვეყანაში საწვავის მიწოდების შეფერხებების გამო რამდენიმე რეგიონში დეფიციტი შეიქმნა. პუტინმა ამის შესახებ საწვავის მომარაგების საკითხზე გამართულ თათბირზე განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობა მუშაობს საწვავის საკმარისი მარაგების უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის სექტორისთვის. რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, ხელისუფლება ასევე განიხილავს დიზელის ექსპორტის დროებით შეზღუდვას.

„როგორც იცით, პრობლემები კვლავაც რჩება როგორც მძღოლებისთვის, ისე ბიზნესისთვის. სამწუხაროდ, ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ისევ არის და ყოველთვის ვერ ხერხდება საჭირო მარკის საწვავის შეძენა. რა თქმა უნდა, გვესმის ის სირთულეები, რომლებსაც ამ პერიოდში სოფლის მეურნეობის მწარმოებლები და ფერმერული მეურნეობები აწყდებიან. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სოფლის მეურნეობის სექტორი სეზონური გეგმის შესაბამისად საწვავით სრულად იყოს უზრუნველყოფილი. მოსავლის ბედი ამაზეა დამოკიდებული”, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, ბოლო პერიოდში უკრაინამ მნიშვნელოვნად გააძლიერა დარტყმები რუსეთისა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე სამრეწველო ობიექტებზე, განსაკუთრებით კი ნავთობის ინდუსტრიის ინფრასტრუქტურაზე.

მსგავსი