ვლადიმერ პუტინის სურათით საფლავის ქვის დადგმისთვის რუსეთის სასამართლომ აქტივისტს პატიმრობა მიუსაჯა
ვლადიმერ პუტინის სურათით საფლავის ქვის დადგმისთვის რუსეთის სასამართლომ აქტივისტს პატიმრობა მიუსაჯა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სურათით საფლავის ქვის დადგმისთვის რუსეთის სასამართლომ აქტივისტს 28-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.

დაკავებული კარიმ იამადაევია. ის აქციის გამართვის წესის დარღვევაში ცნეს დამნაშავედ. სასამართლომ ასევე ექვსი დღით დააპატიმრა მისი თანამოაზრე აქტივისტი ნიკოლაი პერესედოვი.

კარიმ იამადაევი 10 მარტს დააკავეს, მას შემდეგ, რაც თათრეთის რესპუბლიკის ქალაქ ნაბერეჟნიე ჩელნიში აღმართა გრანიტის ქვა, რომელზეც რუსეთის პრეზიდენტის ფოტო იყო გამოსახული, პრეზიდენტის სრული სახელი ეწერა და აღნიშნული იყო წლები 1952-2019. მან საფლავის ქვა ქალაქის საგამოძიებო კომიტეტის ოფისის წინ დადგა.

მოგვიანებით საფლავის ქვის ფოტო ინტერნეტში მოძრაობამ „ბესსროჩკამ“ გაავრცელა.

„პუტინმა დამარხა თავისუფალი ინტერნეტი. ნაბერეჟნიე ჩელნის მცხოვრებლებმა კი, დამარხეს პუტინი“, – აღნიშნული იყო სოციალურ ქსელში ფოტოებთან დართულ კომენტარში.