ვლადიმერ პუტინი - ზელიმხან ხანგოშვილი იყო მკვლელი, ასეთი ადამიანი თავისუფლად სეირნობდა ერთ-ერთ ევროპულ დედაქალაქში
ვლადიმერ პუტინი - ზელიმხან ხანგოშვილი იყო მკვლელი, ასეთი ადამიანი თავისუფლად სეირნობდა ერთ-ერთ ევროპულ დედაქალაქში

ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ხალხი, ტერორისტები, თავისუფლად დასეირნობენ ევროპის დედაქალაქებში, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა პრესკონფერენციაზე ზელიმხან ხანგოშვილის შესახებ დასმულ კითხვაზე განაცხადა.

ჟურნალისტმა ვლადიმერ პუტინს შეახსენა მისივე სიტყვები, რომ რუსულმა მხარემ დააყენა ხანგოშვილის პირის გადმოცემის საკითხი, ასევე გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის, ჰორსტ ზეეჰოფერის განცხადება, რომ გადაცემაზე არანაირი მოთხოვნა არ ყოფილა რუსული მხრიდან.

კითხვაზე, ვინ არის მართალი – ვლადიმერ პუტინი თუ გერმანიის შს მინისტრი, პუტინმა უპასუხა, რომ ორივე მათგანი მართალია, რადგან ეს საკითხები სპეცსამსახურების დონეზე განიხილებოდა.

„პროკურატურის მხრიდან ოფიციალური მოთხოვნა არ ყოფილა, რადგან ჩვენმა კომპეტენტურმა ორგანოებმა ჩათვალეს, რომ აზრი არ ექნებოდა, რადგან მათ მიახვედრეს, რომ პასუხი იქნებოდა უარყოფითი. კიდევ ერთხელ შეგახსნებთ, რაც ვთქვი პარიზში, პრესკონფერენციის დროს. ის იყო სისხლიანი მკვლელი. კავკასიაში მხოლოდ ერთ აქციაზე მან 98 ადამიანი მოკლა. დაფიქრდით ამ ციფრზე. ბევრ ქვეყანაში ამაზე ნაკლებ ადამიანზე საყოველთაო გლოვას აცხადებენ. ის მონაწილეობდა მოსკოვის მეტროს ტერაქტის ორგანიზებაში და ეს სრული ჩამონათვალი არ არის“, – აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

მისივე თქმით, რუსეთმა ხანგოშვილის საკითხი საკითხი სპეცსამსახურების დონეზე არაერთხელ დააყენა.

„რაც შეეხება თანამშრომლობას, ჩემი აზრით, ამ სფეროში მთავარი, რაც უნდა გავიაზროთ, არის ის, რომ თანამშრომლობა უნდა იყოს სრულფასოვანი და ორმხრივი. ახლა ვაკვირდებით, რა ხდება სირიაში, ბანაკებსა და ციხეებში, რომლებშიც სხედან „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები. იქ ყველაზე მეტი შუა აზიელია, მეორე ადგილზე რუსეთია, მაგრამ იქ არც ცოტა დასავლეთ ევროპელია, ფრანგი, გერმანელი. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ხალხი, ტერორისტები თავისუფლად დასეირნობენ ევროპის დედაქალაქებში. რამდენადაც ვიცი, ის პირდაპირ ბერლინის ცენტრში მოკლეს. აი, ასეთი ადამიანი თავისუფლად სეირნობდა ერთ-ერთ ევროპულ დედაქალაქში. თქვენთან რომ ის ხალხი მოვიდეს, ვინც ბანაკებში ზის, მოგეწონებათ? მისცემთ უფლებას, თავისუფლად ისეირნონ ქუჩებში? იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს, აუცილებელია ერთობლივი, მაღალექფექტიანი მუშაობა. ამას მოვუწოდებთ და იმედი გვაქვს, რომ ასეც იქნება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ასეთი სამუშაოები არ არის. არის, მაგრამ მისი დონე საკმარისი არ არის. თავის დროზე ჩვენ ამერიკელები გავაფრთხილეთ ცარნაევზე, თუ რა ერქვა, ვაფრთხილებდით, გადმოცემაც ვთხოვეთ, ვეუბნებოდით, რომ ის საფრთხეს წარმოადგენდა. დაგვაიგნორეს. შემდეგ მან ბოსტონში ტერაქტი მოაწყო“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

საქართველოს მოქალაქე, 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი გერმანიის დედაქალაქში 23 აგვისტოს მოკლეს. რამდენიმე დღეში გერმანიის პოლიციამ რუსეთის 49 წლის მოქალაქე დააკავა. 4 დეკემბერს გერმანიამ ორი რუსი დიპლომატი გააძევა. მიზეზად ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა დაასახელეს. გერმანიის მთავრობა მიიჩნევს, რომ აღნიშნულ მკვლელობასთან რუსეთის ხელისუფლებაა დაკავშირებული. რუსეთში ამ ბრალდებას უარყოფენ.