ვლადიმერ პუტინი - ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს მისთვის ყველაზე მისაღები საშუალება უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, მაგრამ ამან სხვა ქვეყნების უსაფრთხოებას ძირი არ უნდა გამოუთხაროს
ვლადიმერ პუტინი - ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს მისთვის ყველაზე მისაღები საშუალება უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, მაგრამ ამან სხვა ქვეყნების უსაფრთხოებას ძირი არ უნდა გამოუთხაროს

ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს მისთვის ყველაზე მისაღები საშუალება უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, მაგრამ ამან სხვა ქვეყნების უსაფრთხოებას ძირი არ უნდა გამოუთხაროს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, სოჭში, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრთან, კირიაკოს მიცოტაკისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პუტინის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან საუბარში ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ნატო-ს აღმოსავლეთით, მათ შორის უკრაინის ხარჯზე გაფართოება, რუსეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის გადამწყვეტი საკითხია სტრატეგიულ პერსპექტივაში.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, მოსკოვი ყოველთვის ღიად ამბობს, რომ ნატო-ს აღმოსავლეთ გაფართოების საკითხი რუსეთისთვის მიუღებელია.

„ბაიდენთან საუბრისას შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ ამ დისკუსიას და ამას საგნობრივად გავაკეთებთ. გავცვლით მოსაზრებებს. რუსეთის თავის მოსაზრებებს მოამზადებს უახლოეს კვირებში და გადავცემთ ამერიკულ მხარეს განხილვისთვის. შეიქმნება პროფესიონალური სტრუქტურა, რომელიც ამ საკითხებით დაკავდება. ჩვენ არ შეიძლება, არ გვაშფოთებდეს ნატო-ში უკრაინის შესაძლო გაწევრიანების პერსპექტივა, რადგან ამას აუცილებლად მოჰყვება იქ შესაბამისი სამხედრო კონტინგენტის, ბაზებისა და ჩვენთვის საფრთხის შემცველი შეიარაღების განთავსება. სამწუხაროდ, ნატო-ს ბლოკი რუსეთთან მიმართებაში აშკარა კონფრონტაციულ ხაზს ატარებს“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, აპირებს თუ არა რუსეთი უკრაინაზე თავდასხმას, პუტინმა უპასუხა, რომ კითხვა პროვოკაციულია, რადგან მისი თქმით, რუსეთი მშვიდობიან საგარეო პოლიტიკას ახორციელებს, მაგრამ აქვს უფლება, უზრუნველყოს თავისი უსაფრთხოება.