ვლადიმერ პუტინი – ყველა გადაწყვეტილება, მათ შორის მოლაპარაკებების პროცესის შესაძლო განახლების შესახებ, რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე იქნება მიღებული

01:16, 26.09.2026

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თქმით, უკრაინასთან ომის დასრულების შესახებ ყველა წინადადება კვლავ ძალაშია, თუმცა მოსკოვმა ჯერ კიდევ უნდა შეაფასოს, რა შედის მის ინტერესებში.

ამის შესახებ პუტინმა რუს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, მოსკოვი გასულ კვირას გამართული რუსეთის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კიევთან მოლაპარაკებების განახლებისთვის მზად იყო, თუმცა, მისივე მტკიცებით, უკრაინამ მოსკოვზე თავდასხმები განახორციელა და საარჩევნო უბნებს დაარტყა.

„ყველა ეს ინიციატივა, რომელიც ე.წ. ცეცხლის შეწყვეტასა და მოლაპარაკებების განახლების წინადადებებს ეხება, დიახ, კვლავ განსახილველია და ყველაფერი ჯერ კიდევ შესაძლებელია. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რაც მათ გააკეთეს, ჩვენ კარგად უნდა დავფიქრდეთ, რა ნაბიჯები გადავდგათ საპასუხოდ. ნებისმიერ შემთხვევაში, ყველა გადაწყვეტილება, მათ შორის მოლაპარაკებების პროცესის შესაძლო განახლების შესახებ, რუსეთის ფედერაციის ინტერესებიდან გამომდინარე იქნება მიღებული“, – თქვა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, პროვოკაციული თავდასხმები უკრაინამ დაიწყო და ახლა მას ხანგრძლივი საპასუხო დარტყმების ფასის გადახდა მოუწევს.

„მათ უნდა იგრძნონ რუსეთის საპასუხო დარტყმები და გაიგონ, რომ ვერც პროვოკაციული მოქმედებები და ვერც ვითარების ესკალაცია ვერ მიიყვანს მათ სასურველ შედეგამდე. ისინი მხოლოდ საკუთარ მდგომარეობას აუარესებენ”, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

მსგავსი