ვლადიმერ პუტინი - ვინმეს თუ აქვს სურვილი, სამხედრო სფეროში შეგვეჯიბროს, შეუძლიათ სცადონ, რუსეთი საპასუხო ზომებს არ დააყოვნებს
ვლადიმერ პუტინი - ვინმეს თუ აქვს სურვილი, სამხედრო სფეროში შეგვეჯიბროს, შეუძლიათ სცადონ, რუსეთი საპასუხო ზომებს არ დააყოვნებს

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, თუ ევროპა რუსეთის პროვოცირებას მოახდენს, საპასუხო ზომები არ დააყოვნებს.

მისივე თქმით, ნატო-ს წევრი თითქმის ყველა ქვეყანა ახლა რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის.

„ნატო-ს წევრი ყველა ქვეყანა ჩვენს წინააღმდეგ იბრძვის, ისინი ამას აღარ მალავენ“, – აღნიშნა პუტინმა.

მისივე თქმით, ნატო-ს წევრი ქვეყნები უკრაინას უზრუნველყოფენ სადაზვერვო ინფორმაციით, იარაღითა და ტრენინგებით.

„ვინმეს ჯერ კიდევ თუ აქვს სურვილი სამხედრო სფეროში ჩვენთან შეჯიბრის, როგორც ჩვენ ვამბობთ, თავისუფლად შეუძლიათ სცადონ. რუსეთის საპასუხო ზომები არ დააყოვნებს“, – განაცხადა პუტინმა.

როგორც რუსეთის პრეზიდენტი აღნიშნავს, დონალდ ტრამპის განცხადება, რომელშიც რუსეთს „ქაღალდის ვეფხვს“ უწოდებს, შესაძლოა ირონია იყოს.

ამასთან, ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის „ომის დეპარტამენტად“ გადარქმევა აგრესიულად ჟღერს.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, რუსული ძალები უკრაინაში მთელ ფრონტზე წინ მიდიან და იმედი გამოთქვა, რომ კიევი იპოვის ძალას, მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს.

„იმედი მაქვს, კიევის რეჟიმის ლიდერები გააცნობიერებენ მოლაპარაკებების აუცილებლობას და საბოლოოდ იპოვიან ძალას, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდნენ“,- განაცხადა პუტინმა.

ამასთან, ვლადიმერ პუტინის თქმით, რუსეთი ნატო-ზე თავდასხმას არ გეგმავს.

„შეუძლებელია დაიჯერო, რომ რუსეთი ნატო-ზე თავდასხმას გეგმავს, ეს არის სისულელე, რაშიც ისინი ევროპელი ხალხის დარწმუნებას ცდილობენ“, – აღნიშნა პუტინმა.

ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ევროპის მზარდ მილიტარიზაციას, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

„ეს მხოლოდ ცარიელი სიტყვებია, თუ დროა, საპასუხო ზომები მივიღოთ? მაგალითად, გერმანია ამბობს, რომ მისი არმია ევროპაში ყველაზე ძლიერი უნდა იყოს. კარგი, ჩვენ ყურადღებით ვუსმენთ და ვიაზრებთ, რას გულისხმობს ეს“, – განაცხადა პუტინმა.

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინა გააფრთხილა, რომ ის სახიფათო თამაშს თამაშობს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე დარტყმებით. პუტინის თქმით, ატომური ელექტროსადგურის გარშემო სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.