ვლადიმერ პუტინი - უკრაინის კრიზისი ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობებით დაიწყო, რუსეთს სურს, სომხეთის ევრაზიულ კავშირში დარჩენაზე ან ევროკავშირში გაწევრიანებაზე რეფერენდუმი სწრაფად ჩატარდეს
ვლადიმერ პუტინი - უკრაინის კრიზისი ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობებით დაიწყო, რუსეთს სურს, სომხეთის ევრაზიულ კავშირში დარჩენაზე ან ევროკავშირში გაწევრიანებაზე რეფერენდუმი სწრაფად ჩატარდეს

უკრაინის კრიზისი ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობებით დაიწყო, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ყაზახეთში, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ლიდერების შეხვედრის შემდეგ სომხეთის თემაზე საუბრისას განაცხადა.

პუტინის თქმით, მან სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს უთხრა, რომ ყველაფერი, რაც კარგია სომხებისთვის, მისაღებია და კარგია რუსეთისთვის და მოიქცეს ისე, როგორც მას ჰგონია საჭიროდ, სომეხი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, სომხეთი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებზე წვდომას დაკარგავს, თუ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს დატოვებს.

ამასთან, როგორც პუტინმა აღნიშნა, რუსეთს სურს, სომხეთის ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში დარჩენასთან ან ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივასთან დაკავშირებით რეფერენდუმი რაც შეიძლება მალე ჩატარდეს.

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ სომხეთის ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან გასვლის შემთხვევაში მიგრანტებისთვის ჩვეულებრივი მოთხოვნები იმოქმედებს. მისივე თქმით, სომხეთისთვის რკინიგზის ტრანსპორტის ტარიფები გაიზრდება.

„ნიკოლ ვოვას ძეს (ფაშინიანი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი) ვუთხარი – ის ამას დაადასტურებს: „რა გადაწყვეტილებაც არ უნდა იქნეს მიღებული, ეს ჩვენს ჰუმანიტარულ, პოლიტიკურ კავშირებს არ გააფუჭებს, მაგრამ ამ შემთხვევაში წმინდა ეკონომიკურ სუბსტანციებზეა საუბარი. ყველაფერი უნდა იყოს გათვლილი, ყურადღებით შესწავლილი და შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილება“, – აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.