ვლადიმერ პუტინი უკრაინის კონტრშეტევას მასშტაბურს უწოდებს
ვლადიმერ პუტინი უკრაინის კონტრშეტევას მასშტაბურს უწოდებს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინის კონტრშეტევას მასშტაბურს უწოდებს. ვლადიმერ პუტინის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევა 4 ივნისს დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. ამის შესახებ პუტინმა სამხედრო კორესპონდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტის მტკიცებით, უკრაინის ძალებს ფრონტის არცერთ მონაკვეთზე წარმატება არ ჰქონია. ვლადიმერ პუტინის თქმით, უკრაინა კონტრშეტევისას კატასტროფულ დანაკარგებს განიცდის. ის ამბობს, რომ უკრაინამ დასავლეთის მიერ მიწოდებული საბრძოლო ტექნიკის 25-30% დაკარგა.

ამავე შეხვედრაზე ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ რუსეთში საომარი მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა არ არის. ასევე, მისი თქმით, არ დგას მობილიზაციის გამოცხადების საჭიროება.

სამხედრო კორესპონდენტებთან შეხვედრისას რუსეთის პრეზიდენტმა კახოვკის კაშხლის გარღვევაზე უკრაინულ მხარეს დააკისრა პასუხისმგებლობა. პუტინის მტკიცებით, უკრაინა ამისკენ მიისწრაფოდა და მიზანმიმართულად და მრავალჯერ ახორციელებდა დარტყმებს HIMARS-დან ჰიდროელექტროსადგურზე. პუტინის ამბობს, რომ რუსეთი არ იყო დაინტერესებული კახოვკის კაშხლის გარღვევაში, თუმცა ამავე დროს აღნიშნავს, რომ ამან ამ მიმართულებით უკრაინის ძალების კონტრშეტევა ჩაშალა.

„ჩვენ ნამდვილად არ ვართ ამით დაინტერესებული, რადგან ამან მძიმე შედეგები გამოიწვია იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც ჩვენ ვაკონტროლებთ და რომლებიც რუსეთისაა – ეს ერთი. მეორე მხრივ, სამწუხაროდ, ვიტყვი უცნაურ რამეს, თუმცა ამან ამ მიმართულებით მათი კონტრშეტევა ჩაშალა. რატომ, სამწუხაროდ? იმიტომ, რომ ჯობდა, მათ იქ შეეტიათ. ჩვენთვის უმჯობესი იყო, რადგან მათთვის იქ შეტევა ძალიან ცუდი იქნებოდა, მაგრამ ვინაიდან ასეთი დატბორვა მოხდა, შესაბამისად შეტევაც არ შედგა“, – განაცხადა პუტინმა.