ვლადიმერ პუტინი - უკრაინელებს მოძმე ხალხად მივიჩნევთ, ჩვენთვის ტრაგედია და დიდი ტკივილია ის, რაც ხდება, ჩვენი ქვეყანა გულწრფელად არის დაინტერესებული, რომ ამას ბოლო მოეღოს
ჩვენ ყოველთვის მივიჩნევდით და მივიჩნევთ უკრაინელებს მოძმე ხალხად, ჩვენ ერთი ფესვები გვაქვს და ყველაფერი, რაც ხდება, ჩვენთვის ტრაგედია და დიდი ტკივილია. ჩვენი ქვეყანა გულწრფელად არის დაინტერესებული, რომ ამას ბოლო მოეღოს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ალასკაში აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, იმისათვის, რომ უკრაინის კონფლიქტის მოგვარება იყოს მდგრადი და გრძელვადიანი, უნდა აღმოიფხვრას კრიზისის ყველა ძირითადი მიზეზი, რუსეთის ყველა ლეგიტიმური შეშფოთება უნდა იქნეს გათვალისწინებული; ასევე, ევროპასა და მთელ მსოფლიოში უსაფრთხოების სფეროში სამართლიანი ბალანსი უნდა აღდგეს.
„როგორც კარგად იცით და გესმით, ერთ-ერთი ცენტრალური თემა უკრაინის გარშემო არსებული სიტუაცია იყო. ჩვენ ვხედავთ აშშ-ის ადმინისტრაციის და პირადად პრეზიდენტ ტრამპის სურვილს, ხელი შეუწყონ უკრაინის კონფლიქტის მოგვარებას, მათ სურვილს, ჩაუღრმავდნენ არსს და გაიგონ მისი წარმოშობა. მე არაერთხელ მითქვამს, რომ რუსეთისთვის უკრაინაში განვითარებული მოვლენები ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის ფუნდამენტურ საფრთხეებთან ასოცირდება. უფრო მეტიც, ჩვენ ყოველთვის მივიჩნევდით და მივიჩნევთ უკრაინელ ხალხს – და ეს არაერთხელ მითქვამს – მოძმე ხალხად, რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს ეს დღევანდელ პირობებში. ჩვენ ერთი ფესვები გვაქვს და ყველაფერი, რაც ხდება, ჩვენთვის ტრაგედია და დიდი ტკივილია. ამიტომ ჩვენი ქვეყანა გულწრფელად არის დაინტერესებული, რომ ამას ბოლო მოეღოს. მაგრამ, ამავდროულად, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ იმისათვის, რომ უკრაინის კონფლიქტის მოგვარება იყოს მდგრადი და გრძელვადიანი, კრიზისის ყველა ძირითადი მიზეზი უნდა აღმოიფხვრას, რუსეთის ყველა ლეგიტიმური შეშფოთება უნდა იქნეს გათვალისწინებული და ევროპასა და მთელ მსოფლიოში უსაფრთხოების სფეროში სამართლიანი ბალანსი უნდა აღდგეს. ვეთანხმები პრეზიდენტ ტრამპს – მან დღეს ამაზე ისაუბრა, რომ, რა თქმა უნდა, უკრაინის უსაფრთხოებაც უნდა იყოს უზრუნველყოფილი. რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, ამაზე ვიმუშაოთ“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.