ვლადიმერ პუტინი სოჭში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას შეხვდა
ვლადიმერ პუტინი სოჭში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას შეხვდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სოჭში, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას შეხვდა.

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პუტინმა ბჟანიას უთხრა, რომ „რუსეთი აფხაზეთის ნომერ პირველი პარტნიორია, რადგან რესპუბლიკის ეკონომიკური ბრუნვის 70 პროცენტზე მეტი სწორედ რუსეთთან აქვს“.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოს ოკუპირებული რეგიონის ე.წ. ლიდერს განუცხადა, რომ პანდემიასთან ბრძოლაში რუსი ექიმების მხრიდან აფხაზეთისთვის გაწეული დახმარება არსებითია, რადგან ერთობლივი მუშაობა გუდაუთის წითელ ზონაში გრძელდება.

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, თავის მხრივ, ასლან ბჟანიამ ვლადიმერ პუტინს პანდემიის დროს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. ბჟანიამ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთთან გაფორმებული შეთანხმებები აფხაზეთის ინტერესებს სრულად შეესაბამება. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტი აფხაზეთში მიიწვია.