ვლადიმერ პუტინი რუსეთში დაკავებული ამერიკელი ჟურნალისტის გათავისუფლების წინაპირობად გერმანიაში, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირის გათავისუფლებას აყენებს
ვლადიმერ პუტინი რუსეთში დაკავებული ამერიკელი ჟურნალისტის გათავისუფლების წინაპირობად გერმანიაში, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირის გათავისუფლებას აყენებს

ვლადიმერ პუტინი რუსეთში დაკავებული ამერიკელი ჟურნალისტის გათავისუფლების წინაპირობად გერმანიაში, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირის გათავისუფლებას აყენებს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ამერიკელ ჟურნალისტთან, ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში მიანიშნა.

ჟურნალისტმა პუტინს შესთავაზა კეთილი ნება გამოეჩინა და ევან გერშკოვიჩი გაეთავისუფლებინა, რაზეც რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „რუსეთმა კეთილი ნების ჟესტები ამოწურა, თუმცა „პარტნიორების მხრიდან შემხვედრი ნაბიჯების შემთხვევაში“ გერშკოვიჩის გათავისუფლება შესაძლებელია.

„აშშ-ის ერთ-ერთ მოკავშირე ქვეყანაში ზის ადამიანი, რომელმაც, პატრიოტული შეხედულებებიდან გამომდინარე, ერთ-ერთ ევროპულ დედაქალაქში მოახდინა ბანდიტის ლიკვიდაცია. კავკასიაში განვითარებული მოვლენების დროს, იცით, რას აკეთებდა ეს ბანდიტი?! არ მინდა თქმა, მაგრამ მაინც ვიტყვი: ის მძევლად აყვანილ რუს სამხედროებს გზაზე გამოდებდა და მანქანით თავზე უვლიდა. რა ადამიანია ეს ან საერთოდ ადამიანია კი? მაგრამ მოიძებნა პატრიოტი ადამიანი, რომელმაც მისი ლიკვიდაცია მოახდინა ევროპის ერთ-ერთ დედაქალაქში. საკუთარი ინიციატივით გააკეთა ეს თუ არა – ეს სხვა საკითხია“, – განაცხადა პუტინმა.

ცნობისთვის, მანამდე დასავლურ მედიაში არაერთხელ გავრცელდა ცნობა, რომ რუსეთის ციხეში მყოფი აშშ-ის მოქალაქეების გათავისუფლების სანაცვლოდ კრემლი გერმანიაში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულის გათავისუფლებას ითხოვს.

საქართველოს მოქალაქე, ეთნიკურად ჩეჩენი ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინის პარკში 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს. ხანგოშვილი რუსეთს ტერორიზმის ბრალდებით ძებნილთა სიაში ჰყავდა შეყვანილი. ზელიმხან ხანგოშვილი გერმანიაში საქართველოდან 2015 წელს გაემგზავრა. ხანგოშვილის სავარაუდო მკვლელი ბერლინში დააკავეს. აღმოჩნდა, რომ ეს იყო რუსული პასპორტის მქონე მამაკაცი, ვადიმ სოკოლოვის სახელით. ჟურნალისტურმა გამოძიებებმა დაადგინეს, რომ ეს იყო ფარული სახელი და სინამდვილეში „სოკოლოვი“ იყო 56 წლის ვადიმ კრასიკოვი, რომელიც დაკავშირებულია რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სტრუქტურებთან.