ვლადიმერ პუტინი - რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობა მინიმუმზეა
ვლადიმერ პუტინი - რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობა მინიმუმზეა

რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობა მინიმუმზეა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ტელეკომპანია „ენბისისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენი ორმხრივი ურთიერთობა ბოლო წლებში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე გაუარესდა“, – აღნიშნა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ინტერვიუში აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპზეც ისაუბრა. მისი თქმით, დონალდ ტრამპი ექსტრაორდინალური და ნიჭიერი პიროვნებაა.

„ახლაც მჯერა, რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ბატონი ტრამპი ექსტრაორდინალური, ნიჭიერი პიროვნებაა, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ვერ გახდებოდა აშშ-ის პრეზიდენტი. ის კოლორიტული პიროვნებაა. შეიძლება, მოგწონდეთ ან არ მოგწონდეთ, თუმცა ის ამერიკული ისტებლიშმენტიდან არ მოსულა. ის არ ყოფილა დიდი პოლიტიკის ნაწილი და ზოგს ეს მოსწონს და ზოგს არა, თუმცა ეს ფაქტია“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

რაც შეეხება, ამჟამინდელ პრეზიდენტს, რომელსაც პუტინი 16 ივნისს ჟენევაში შეხვდება, რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ჯო ბაიდენი განსხვავდება ტრამპისგან და კარიერული პოლიტიკოსია.

„ის რადიკალურად განსხვავებულია ტრამპისგან, რადგან პრეზიდენტი ბაიდენი კარიერული პოლიტიკოსია. მან მთელი თავისი ზრდასრული ცხოვრება პოლიტიკაში გაატარა. ის სრულიად განსხვავებული ადამიანია და ამაში არის გარკვეული უპირატესობა და გარკვეული ნაკლიც, თუმცა დიდი იმედი მაქვს, რომ აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის მხრიდან არ იქნება იმპულსური ქმედებები“, – განაცხადა პუტინმა.

ჟურნალისტის კითხვაზე – „არის თუ არა ვლადიმერ პუტინი მკვლელი, როგორც ამას გარდაცვლილი სენატორი ჯონ მაკკეინი თვლიდა, არ უარყოფდა ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ეთანხმება მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი,“ ვლადიმირ პუტინი პასუხობს:

„ამ თანამდებობაზე ყოფნის განმავლობაში მივეჩვიე თავდასხმებს ყველა მხრიდან, სხვადასხვა საბაბით, მიზეზითა და კალიბრით სხვადასხვა სფეროდან, ეს მე არ მიკვირს“.

ამ განცხადების შემდეგ „ენბისის“ ჟურნალისტმა რუსეთის პრეზიდენტს ჩამოუთვალა ბოლო წლებში გარდაცვლილ ოპონენტთა სახელები, მათ შორის – ანა პოლიტკოვსკაია, ალექსანდრ ლიტვინენკო, სერგეი მაგნიტსკი, ბორის ნემცოვი, მიხაილ ლესინი.

„თქვენ ახსენეთ მრავალი ადამიანი, რომლებიც ნამდვილად იტანჯებოდნენ და დაიღუპნენ სხვადასხვა დროს, სხვადასხვა მიზეზით, სხვადასხვა ადამიანების ბრალეულობით“, – განაცხადა პუტინმა ამერიკელი ჟურნალისტის საპასუხოდ.

დატოვე კომენტარი