ვლადიმერ პუტინი – რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასშტაბური დარტყმების მომზადებისა და განხორციელების მითითება მიეცათ

01:09, 02.09.2026

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასშტაბური დარტყმების მომზადებისა და განხორციელების მითითება მიეცათ.

„ისინი ჩვენს ობიექტებს ურტყამენ და პასუხსაც მიიღებენ“, – განაცხადა პუტინმა პრესკონფერენციაზე.

რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამჟამად საბრძოლო მოქმედებებში მთავარი გამოწვევა დრონებია, თუმცა, მისი თქმით, რუსეთი ამ გამოწვევას უმკლავდება.

„ამჟამად მთავარი გამოწვევა, რა თქმა უნდა, დრონებია, თანაც ყველგან – წყალქვეშ, ზღვაზე, ხმელეთსა და ჰაერში. ეს ჩვენთვის სერიოზული გამოწვევაა, თუმცა მას ვუმკლავდებით“, –  განაცხადა პუტინმა.

პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთს აქვს შესაძლებლობა, უპასუხოს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებებს რუსეთის ავიაციის წინააღმდეგ შესაძლო მოქმედებების შესახებ.

ზელენსკის მიერ გაცხადებულ გეგმებს რუსეთის პრეზიდენტმა „სახელმწიფო ტერორიზმისკენ გადადგმული ნაბიჯი“ უწოდა.

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ სწორედ კიევი მოითხოვს მოლაპარაკებების განახლებას და პირისპირ შეხვედრების გამართვას.

„მე ასეთი განცხადებები არ მომისმენია, მაგრამ თუ ისინი ხმამაღლა გაკეთდება, ეს უბრალოდ სახელმწიფო ტერორიზმია. და მინდა, აღვნიშნო, რომ ისინი გვთხოვენ მოლაპარაკებების განახლებას, პირად შეხვედრებს. ჩვენ ტერორისტებთან მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ“, – განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის კონფლიქტის მოგვარების პროცესი, ფაქტობრივად, გაყინულია.

„ვინმე ამ პროცესში კონკრეტული წვლილის შეტანას თუ შეძლებს, ჩვენ მხოლოდ მივესალმებით. ერთადერთი, რაც არ გვინდა, არის ის, რომ ყველაფერი უაზრო რეჟიმში ტრიალებდეს. თუმცა, თუ ვინმეს შეუძლია ამ მოლაპარაკებების პროცესში რაიმე პოზიტიური წვლილის შეტანა, მთლიანობაში ჩვენ წინააღმდეგი არ ვართ“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი რუსეთში ყოველთვის სასურველი სტუმრები არიან და მოსკოვი მათთან თანამშრომლობას მიესალმება.

რუსეთის პრეზიდენტმა მოსკოვში აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის, ჯონ რეტკლიფის ბოლო ვიზიტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის სპეცსამსახურების წარმომადგენლებს შორის კონტაქტები მუდმივად მიმდინარეობს.

ამასთან, პუტინმა განმარტა, რატომ არ ახორციელებს მოსკოვი დარტყმებს უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობის წინააღმდეგ. მისი თქმით, თუ უკრაინას მშვიდობიანი გზით საკითხების მოგვარება მოუნდება, მოლაპარაკებების პროცესისთვის შესაბამისი პირები საჭირო იქნებიან.

„ჩვენ არ ვურტყამთ უკრაინის ხელმძღვანელობას, რადგან, თუ მათ მშვიდობიანი გზით საკითხების მოგვარება მოუნდებათ, მოლაპარაკებებისთვის ადამიანები დაგვჭირდება“, – განაცხადა პუტინმა.

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პირველი სექტემბრის ღამეს უკრაინამ მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის მიმართულებით დიდი რაოდენობით დრონებით შეტევა სცადა.

„ღამით რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე მომხდარ თავდასხმებთან დაკავშირებით მომახსენეს, რომ დიდი რაოდენობით დრონებმა მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის საჰაერო თავდაცვის სისტემების გარღვევა სცადეს. მათ უკვე სამოქალაქო ობიექტებზე მიიტანეს დარტყმები, მათ შორის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე – სამი ასეთი ქარხნის დაზიანება სცადეს“, –  განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინამ სავაჭრო გემებზე თავდასხმებით რუსეთს ზიანი მიაყენა.

„უკრაინამ სავაჭრო გემებზე დარტყმებით რუსეთს ზიანი მიაყენა. ბოლო 40 დღის განმავლობაში დაახლოებით 100 გემი დაზიანდა. არიან დაღუპულებიც“, – განაცხადა პუტინმა.

მსგავსი