ვლადიმერ პუტინი - რუსეთი უზრუნველყოფს საკუთარი ეროვნული ინტერესებისა და მოკავშირეების დაცვას
ვლადიმერ პუტინი - რუსეთი უზრუნველყოფს საკუთარი ეროვნული ინტერესებისა და მოკავშირეების დაცვას

რუსეთი უზრუნველყოფს საკუთარი ეროვნული ინტერესებისა და მოკავშირეების დაცვას, – აღნიშნულის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა მოსკოვის საერთაშორისო უსაფრთხოების რიგით მე-10 კონფერნეციისადმი ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„როგორც ადრე, რუსეთი აქტიურად მიიღებს მონაწილეობას კოორდინირებულ ერთობლივ მუშაობაში, თავის მოკავშირეებთან, პარტნიორებთან და თანამოაზრეებთან ერთად, რათა გააუმჯობესოს საერთაშორისო უსაფრთხოების არსებული მექანიზმები და შექმნას ახალი, თანმიმდევრულად გააძლიეროს ეროვნული შეიარაღებული ძალები და უსაფრთხოების სხვა სტრუქტურები, მათი თანამედროვე იარაღით და სამხედრო ტექნიკით აღჭურვით. უზრუნველვყოთ ჩვენი ეროვნული ინტერესები, ისევე როგორც ჩვენი მოკავშირეების დაცვა, გადავდგათ სხვა ნაბიჯები უფრო დემოკრატიული სამყაროს მშენებლობისკენ, სადაც გარანტირებულია ყველა ხალხის უფლებები და კულტურულ-ცივილიზაციური მრავალფეროვნება“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უნიპოლარული სამყაროს ეპოქა წარსულს ჩაბარდა, ხოლო საერთაშორისო სამართალზე აგებული მრავალპოლარული სამყარო ხსნის ახალ შესაძლებლობებს საერთო საფრთხეებთან საბრძოლველად და ყველა სახელმწიფოს ძალისხმევისა და პოტენციალის გაერთიანების გარეშე მათი დაძლევა შეუძლებელია.

„აშკარაა, რომ მსოფლიოში დაძაბულობის შემცირება, სამხედრო-პოლიტიკურ სფეროში საფრთხეებისა და რისკების დაძლევა, ქვეყნებს შორის ნდობის დონის ამაღლება და მათი მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა მხოლოდ თანამედროვე მრავალპოლარული სამყაროს სისტემის ფუნდამენტური გაძლიერებითაა შესაძლებელი. უნიპოლარული მსოფლიო წესრიგის ეპოქა წარსულს ჩაბარდა. სწორედ მრავალპოლარული მსოფლიო, რომელიც აგებულია საერთაშორისო სამართალზე და უფრო სამართლიან ურთიერთობებზე, ხსნის ახალ შესაძლებლობებს საერთო საფრთხეებთან საბრძოლველად. მათ შორისაა რეგიონული კონფლიქტები და მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელება, ტერორიზმი და კიბერდანაშაული“, – განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, კოლექტიური დასავლეთი მიზანმიმართულად ანადგურებს ევროპის უსაფრთხოების სისტემას და აყალიბებს ახალ სამხედრო ალიანსებს. როგორც პუტინმა განაცხადა, ნატო აღმოსავლეთისკენ მოიწევს, ხოლო შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები უხეშად ერევიან სუვერენული სახელმწიფოების საშინაო საქმეებში, აწყობენ პროვოკაციებს, სახელმწიფო გადატრიალებას და სამოქალაქო ომებს, ცდილობენ ზეწოლა მოახდინონ დამოუკიდებელ სახელმწიფოებზე, რათა დაემორჩილონ მათ ნებას.

„ეს ყველაფერი კეთდება ერთი მიზნით – შეინარჩუნოს თავისი დომინირება, მოდელი, რომელიც მთელ მსოფლიოში პარაზიტირების საშუალებას იძლევა“, – განაცხადა პუტინმა.

ვლადიმერ პუტინი უკრაინაში რუსეთის ომს შეეხო და განაცხადა, რომ სამხედრო ოპერაცია გაერო-ს წესდების შესაბამისად დაიწყო.

„უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის ჩატარების გადაწყვეტილება მიღებულ იქნა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების სრული დაცვით. ამ ოპერაციის მიზნები მკაფიოდ და ზუსტად არის განსაზღვრული – ეს არის რუსეთისა და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, დონბასის მაცხოვრებლების გენოციდისგან დაცვა“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.