ვლადიმერ პუტინი – რუსეთი მტკიცედ უჭერს მხარს აფხაზეთის სუვერენულ განვითარებას, აქტიურად უწყობს ხელს მისი ეკონომიკური სტაბილურობისა და უსაფრთხოების გამყარებას

16:30, 03.04.2026

რუსეთი მხარს უჭერს აფხაზეთის სუვერენიტეტს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველმა მოადგილემ, სერგეი კირიენკომ ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე ეკონომიკურ ფორუმზე პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიმართვის წაკითხვისას განაცხადა.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ „რუსეთსა და აფხაზეთს შორის არა მხოლოდ კარგი მეზობლური ურთიერთობა ჩამოყალიბდა, არამედ ახალ დონეზე გადავიდა ინტეგრაციული კავშირები და თანამშრომლობა“.

„გულწრფელად ვისწრაფვით, რომ აფხაზეთი იყოს თანამედროვე, საცხოვრებლად და სამუშაოდ კომფორტული სახელმწიფო. რუსეთი მტკიცედ უჭერს მხარს აფხაზეთის სუვერენულ განვითარებას, აქტიურად უწყობს ხელს მისი ეკონომიკური სტაბილურობისა და უსაფრთხოების გამყარებას. ეს ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და უპირობო პრიორიტეტია“, – აღნიშნულია პუტინის მიმართვაში.

პუტინის მიმართვაში ასევე აღნიშნულია, რომ „რუსეთი პოზიტიურ ცვლილებებს ხედავს აფხაზეთთან თანამშრომლობაში, კერძოდ, ტრანსპორტის, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობისა და ვაჭრობის სფეროებში. რუსულ-აფხაზური პარტნიორობა კომპლექსური ხასიათისაა, ამიტომ მნიშვნელოვანია, გავაგრძელოთ ენერგიული მოქმედება ყველა მიმართულებით და განვავითაროთ პროექტები  სხვადასხვა დარგში“.

ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში „აფხაზეთი: ინვესტიციები მომავალში“ ეკონომიკური ფორუმი მიმდინარეობს, რომელსაც, რუსეთის დელეგაციის გარდა, ესწრება ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტი ალან გაგლოევი.

მსგავსი