ვლადიმერ პუტინი - რუსეთი იტოვებს უფლებას, გავიდეს „მარცვლეულის შეთანხმებიდან“, თუ უკრაინის მხრიდან გარანტიები იქნება დარღვეული
ვლადიმერ პუტინი - რუსეთი იტოვებს უფლებას, გავიდეს „მარცვლეულის შეთანხმებიდან“, თუ უკრაინის მხრიდან გარანტიები იქნება დარღვეული

რუსეთი იტოვებს უფლებას, გავიდეს ე.წ. მარცვლეულის შეთანხმებიდან, თუ უკრაინის მხრიდან გარანტიები იქნება დარღვეული, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომის დაწყების წინ განაცხადა.

პუტინის თქმით, რუსეთმა უკრაინული მხარისგან მოითხოვა გარანტიები, რომ ჰუმანიტარული დერეფნების სამხედრო მიზნებისთვის გამოყენება არ მოხდება. როგორც რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, საკითხის დარეგულირებაში შუამავლობა თურქეთმა შეასრულა. მისი თქმით, თურქული მხარისგან რუსეთმა მიიღო ინფორმაცია, რომ უკრაინამ ასეთი გარანტია გასცა. ამასთან, პუტინი ამტკიცებს, რომ შეთანხმების ფარგლებში ექსპორტირებული უკრაინული მარცვლეულის 46 პროცენტი ევროკავშირის ქვეყნებში გაიგზავნა.

„ამასთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროსთვის გავეცი მითითება, განაახლოს ჩვენი სრულფასოვანი მონაწილეობა ამ სამუშაოში. ამასთან, რუსეთი იტოვებს უფლებას, გავიდეს ამ შეთანხმებებიდან იმ შემთხვევაში, თუ ეს გარანტიები უკრაინის მხრიდან დარღვეული იქნება. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, ამ შეთანხმებიდან რუსეთის გასვლის შემთხვევაშიც, მზად ვიქნებით, მივაწოდოთ მარცვლეულის მთელი მოცულობა, რომლის მიწოდებაც უკრაინის ტერიტორიიდან ყველაზე ღარიბ ქვეყნებში მოხდა, ეს კი მხოლოდ ოთხი პროცენტია“, – განაცხადა პუტინმა.

გასულ შაბათს, მოსკოვმა კიევი შავი ზღვის ფლოტზე თავდასხმაში დაადანაშაულა და გაერო-სა და თურქეთის შუამავლობით მიღწეული მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებიდა გასვლის შესახებ განაცხადა. დღეს კი, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინისგან წერილობითი გარანტიები მიიღო და „მარცვლეულის შეთანხმებას“ დაუბრუნდა.