ვლადიმერ პუტინი – რუს ხალხს გამარჯვებულთა გენეტიკური კოდი აქვს

12:08, 13.08.2026

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ „რუს ხალხს გამარჯვებულთა გენეტიკური კოდი აქვს“. ამის შესახებ პუტინმა კურილის კუნძულ იტურუპზე ვიზიტისას განაცხადა.

კუნძულზე ​ვლადიმერ პუტინმა დაათვალიერა თევზის გადამამუშავებელი საწარმო „იასნი“, რაიონული საავადმყოფო და სკოლა, ასევე შეხვდა სახალინის ოლქის გუბერნატორს, ვალერი ლიმარენკოს.

გუბერნატორმა რუსეთის პრეზიდენტს სპეცოპერაციის მონაწილეთა და მათი ოჯახის წევრების მხარდაჭერისთვის განხორციელებული ღონისძიებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

ლიმარენკოს განცხადებით, როცა ხალხს ხვდება, ხედავს მათ განწყობას. მისი თქმით, ხალხი მზად არის, ყველაფერი გააკეთოს გამარჯვების მისაღწევად.

„ასეთია ჩვენი ხალხი. გამარჯვებულთა გენეტიკური კოდი აქვთ“, – უპასუხა პუტინმა.

ცნობისთვის, საბჭოთა კავშირმა კურილის კუნძულები მეორე მსოფლიო ომის მიწურულს, 1945 წელს დაიკავა. იაპონია არქიპელაგის სამხრეთით მდებარე ოთხ კუნძულს – იტურუპს, კუნაშირს, შიკოტანსა და ჰაბომაის თავის ისტორიულ ტერიტორიად მიიჩნევს.

მსგავსი