ვლადიმერ პუტინი – რაკეტა „ბურევესტნიკის“ გამოცდის ზონასთან მუდმივად იმყოფებოდა ნატო-ს სადაზვერვო გემი, ჩვენ არ ვუშლიდით ხელს მუშაობაში, დაე, ენახათ
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ ბირთვული ძრავით აღჭურვილი ფრთოსანი რაკეტის, „ბურევესტნიკის“ გამოცდის ადგილთან ნატო-ს სადაზვერვო გემი იმყოფებოდა.
პუტინის თქმით, რუსეთი არ უშლიდა ხელს გემს მუშაობაში.
პუტინმა აღნიშნული განცხადება „ბურევესტნიკისა“ და „პოსეიდონის“ შემქმნელების დაჯილდოების დროს გააკეთა.
როგორც რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, ფრენის მანძილით „ბურევესტნიკმა“ გადაუსწრო მსოფლიოში ყველა ცნობილ სარაკეტო სისტემას. ამასთან, მას აქვს მიზნის მაღალი სიზუსტე.
„ვფიქრობ, ამაში დარწმუნება უცხოელ სპეციალისტებსაც შეეძლოთ, რადგან 21 ოქტომბერს „ბურევესტნიკის“ გამოცდის ზონასთან და დროს მუდმივად იმყოფებოდა ნატო-ს სადაზვერვო გემი. ჩვენ არ ვუშლიდით ხელს მას მუშაობაში. დაე, ენახათ“, – აღნიშნა რუსეთის ლიდერმა.