ვლადიმერ პუტინი - მე აღარ გავუშვებ დრონებს საფრანგეთში, დანიაში, კიდევ სად დაფრინავენ? სერიოზულად თუ ვიტყვით, ჩვენ არ გვაქვს ისეთი დრონები, რომლებსაც ლისაბონამდე მიღწევა შეუძლიათ
მე აღარ გავუშვებ დრონებს საფრანგეთში, დანიაში, კიდევ სად დაფრინავენ? სერიოზულად თუ ვიტყვით, ჩვენ არ გვაქვს ისეთი დრონები, რომლებსაც ლისაბონამდე მიღწევა შეუძლიათ, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
როგორც რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ე.წ. რუსული დრონების შესახებ განცხადებები ვითარების ესკალაციის ერთ-ერთი გზაა.
„ჩვენ გვაქვს შორ რადიუსზე მოქმედი რამდენიმე დრონი, მაგრამ რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ლისაბონში სამიზნეები არ გვაქვს“, – განაცხადა პუტინმა.
ამასთან, პუტინის თქმით, კონსერვატორი კომენტატორის, ჩარლი კირკის მკვლელობა აშშ-ის საზოგადოებაში ღრმა განხეთქილების ნიშანია.
„შეერთებულ შტატებში, ჩემი აზრით, არ არის საჭირო სიტუაციის ქვეყნის გარეთ ესკალაცია, რადგან ქვეყნის ხელმძღვანელობა ცდილობს წესრიგის აღდგენას ქვეყნის შიგნით. ახლა არაფერზე კომენტარის გაკეთება არ მინდა, ეს ჩვენი საქმე არ არის, მაგრამ ჩემი აზრით, შეერთებული შტატები ამ გზას ადგას“,- აღნიშნა პუტინმა.
მისივე თქმით, კონსერვატორი კომენტატორის, ჩარლი კირკის მკვლელობა, რომელიც პრაქტიკულად პირდაპირ ეთერში მოხდა, საშინელი სისასტიკე იყო.
„ეს საშინელი სისასტიკე, რომელიც ფაქტობრივად პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, ყველამ ვნახეთ. ეს ნამდვილად ამაზრზენი, საზარელი იყო. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ვუსამძიმრებ ბატონი კირკის ოჯახს და მის ყველა ახლობელს. ჩვენ თანავუგრძნობთ მათ“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინაში „ტომაჰავკის“ რაკეტების გამოყენება ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების უშუალო მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია.
„ტომაჰავკების“ გამოყენება ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების უშუალო მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია. ეს იქნება ესკალაციის აბსოლუტურად ახალი, თვისობრივად ახალი ეტაპი, მათ შორის, რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობებში”,- განაცხადა პუტინმა.