ვლადიმერ პუტინი ლიბიის საკითხთან დაკავშირებით ბერლინში ჩავა
ვლადიმერ პუტინი ლიბიის საკითხთან დაკავშირებით ბერლინში ჩავა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ლიბიის საკითხთან დაკავშირებით 19 იანვარს დაგეგმილი კონფერენციის ფარგლებში ბერლინს ესტუმრება. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

ღონისძიების ფარგლებში რიგი ქვეყნების წარმომადგენლები ლიბიაში არსებული კრიზისის მოგვარების გზებზე იმსჯელებენ.

მანამდე კი გერმანიის კანცლერსა და რუსეთის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაცია კრემლის პრესსამსახურმა გაავრცელა. როგორც ცნობილია, ანგელა მერკელმა და ვლადიმერ პუტინმა 19 იანვარს დაგეგმილი კონფერენციის თემაზე, ლიბიაში არსებულ კრიზისზე ისაუბრეს.

როგორც კრემლი იუწყება, სატელეფონო საუბარი გერმანული მხარის ინიციატივით შედგა.

14 იანვარს ცნობილი გახდა, რომ გერმანია ლიბიაში არსებული ვითარების დარეგულირების მიზნით, საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებდა. რიგი სახელმწიფოების წარმომადგენლებთან ერთად კონფერენციაში მონაწილეობას ლიბიის ამბოხებულების ლიდერი, ხალიფა ჰაფთარიც მიიღებს.

მუამარ კადაფის ჩამოგდების შემდეგ, ლიბიაში ორი მმართველობა ჩამოყალიბდა. აღმოსავლეთ ლიბიას ამბოხებული გენერალი ხალიფა ჰაფთარი მართავს, რომელიც ქვეყნის დედაქალაქის აღებას ცდილობს.

ტრიპოლიში გაერო-ს მიერ აღიარებული მთავრობაა განთავსებული. ხალიფა ჰაფთარს ეგვიპტე და არაბთა გაერთიანებული საამიროები უჭერენ მხარს