ვლადიმერ პუტინი კრემლში ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტებს შეხვდა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კრემლში შეხვედრები გამართა ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტებთან.
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტთან, ალან გაგლოევთან შეხვედრისას პუტინმა აღნიშნა, რომ მათი ურთიერთობები ეფუძნება 2015 წლის მოკავშირეობის ხელშეკრულებას, რომელსაც წელს ათი წელი უსრულდება. პუტინის განცხადებით, რუსეთი განაგრძობს ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის მხარდაჭერას ეკონომიკის, სოციალური სფეროს, ჯანდაცვის, განათლებისა და უსაფრთხოების საკითხებში.
თავის მხრივ, გაგლოევმა მადლობა გადაუხადა რუსეთს მხარდაჭერისთვის. მისი თქმით, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი სრულად უჭერს მხარს რუსეთის სპეციალურ სამხედრო ოპერაციას უკრაინაში და აღნიშნა, რომ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთიდან დაახლოებით 1500 მეომარი იმყოფება სპეციალური ოპერაციის ზონაში.
ამასთან, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტთან, ბადრა გუნბასთან შეხვედრისას პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა, განაგრძოს თანამშრომლობა ოკუპირებულ აფხაზეთთან როგორც ეკონომიკურ, ისე ჰუმანიტარულ სფეროებში. ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთი და ოკუპირებული აფხაზეთი აპირებენ ტურისტული ნაკადის გაზრდასაც.
თავის მხრივ, გუნბამ პუტინი ოკუპირებულ აფხაზეთში მიიწვია ნებისმიერ მოსახერხებელ დროს, რაზეც რუსეთის ლიდერმა თანხმობა განაცხადა.