ვლადიმერ პუტინი – კიევის რეჟიმმა კიდევ ერთხელ განახორციელა ტერორისტული ხასიათის აქტი, კერძოდ, დარტყმა მიაყენა როსტოვის რეგიონულ საჰაერო მოძრაობის ორგანიზაციის ცენტრს

00:14, 09.05.2026

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის მიერ როსტოვის საჰაერო მოძრაობის ორგანიზაციის ეროვნულ ცენტრზე განხორციელებულ დარტყმას ტერორისტული აქტი უწოდა.

„განვიხილავთ რამდენიმე საკითხს და პირველი, მთავარი არის მოვლენები, რომლებიც დღეს მოხდა: კიევის რეჟიმმა კიდევ ერთხელ განახორციელა, უდავოდ, ტერორისტული ხასიათის აქტი, კერძოდ კი, დარტყმა მიაყენა როსტოვის რეგიონულ საჰაერო მოძრაობის ორგანიზაციის ცენტრს. ამას, შეიძლებოდა, ზეგავლენა მოეხდინა სამოქალაქო საჰაერო ხომალდების უსაფრთხოებაზე. საბედნიეროდ, ჩვენი ავიადისპეტჩერების მაღალპროფესიონალური მუშაობის შედეგად ტრაგიკული მოვლენები არ მომხდარა“, – განაცხადა პუტინმა რუსეთის უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან შეხვედრაზე.

რუსეთის პრეზიდენტმა მთავრობის ვიცე-პრემიერს, ვიტალი საველიევს სთხოვა ინფორმაციის მიწოდება ამ მოვლენასთან დაკავშირებით, ასევე „დამატებითი ზომების შესახებ, რომლებიც უზრუნველყოფს რუსეთის სატრანსპორტო კომპლექსის სტაბილურ და უსაფრთხო ფუნქციონირებას“.

ცნობისთვის, 8 მაისს დრონები თავს დაესხნენ როსტოვში მდებარე „როსტოვის აერონავიგაცია – სამხრეთ რუსეთის“ ფილიალის შენობას, რომელიც საჰაერო მოძრაობას მართავს. ამის გამო 13-მა აეროპორტმა დროებით შეაჩერა მუშაობა. კერძოდ, ასტრახანის, ვლადიკავკაზის, ვოლგოგრადის, გელენჯიკის, გროზნოს, კრასნოდარის, მახაჩკალის, მაგასის, მინერალნიე ვოდის, ნალჩიკის, სოჭის, სტავროპოლისა და ელისტის აეროპორტებმა.

„როსავიაციამ“ თავდაპირველად გაავრცელა შეტყობინება, რომლის მიხედვითაც, ფრენები ამ აეროპორტებში შეჩერდებოდა 12 მაისამდე, თუმცა მოგვიანებით ეს დოკუმენტი გააუქმა. რუსეთის სამხრეთის მიმართულებით ფრენები 15:00 საათის შემდეგ აღდგა. ტრანსპორტის სამინისტროს ცნობით, დღის ბოლომდე დაგეგმილია სულ 217 რეისი.

მსგავსი