ვლადიმერ პუტინი კემეროვოში ჩავიდა და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დღეს დილით კემეროვოში ჩაფრინდა და ხანძრის შედეგად დაღუპულთა მემორიალზე ყვავილები მიიტანა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
მათივე ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა შემთხვევის ადგილიც მოინახულა, სადაც ხანძარს 64 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
კვირას კემეროვოში ოთხსართულიან სავაჭრო ცენტრს ხანძარი მოედო. ამჟამად დაღუპულთა ამოცნობის პროცედურები მიმდინარეობს. ამ დროის ოფიციალური მონაცემებით, მათ შორის, სულ მცირე, რვა ბავშვია.
საავადმყოფოებში რჩება კიდევ 13 დაზარალებული. ისინი მხუთავი აირით არიან მოწამლულები.
რეგიონში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. მსხვერპლის რაოდენობის მიხედვით, კემეროვოს ხანძარი ბოლო ასი წლის განმავლობაში რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია.