ვლადიმერ პუტინი ინდოეთში ნარენდრა მოდის შეხვდა, ლიდერებმა ორმხრივ ურთიერთობებზე, ვაჭრობაზე, ენერგეტიკისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს

17:24, 11.09.2026

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ინდოეთში იმყოფება, სადაც ინდოელ კოლეგას ნარენდრა მოდის შეხვდა. რუსული მედიის ცნობით, ლიდერებმა ნიუ დელიში ორმხრივ ურთიერთობებზე, ვაჭრობაზე, ენერგეტიკისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პრეზიდენტებმა შავი ზღვის რეგიონში არსებული ვითარებაც განიხილეს.

„ლიდერებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები ორმხრივი ინტერესის მქონე ძირითად რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე, მათ შორის დასავლეთ აზიასა და შავი ზღვის რეგიონში არსებულ კონფლიქტებზე, რომლებმაც გავლენა ახდენს საზღვაო ვაჭრობასა და ინდოელი მეზღვაურების უსაფრთხოებაზე“, – ნათქვამია ანგარიშში.

სამინისტროს თქმით, მოდიმ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ კონფლიქტების მოგვარების გზა დიალოგი და დიპლომატიაა და ინდოეთი მზადაა, ხელი შეუწყოს სამშვიდობო ძალისხმევას. მედიის ინფორმაციით, პუტინმა, თავის მხრივ, ინდოელი კოლეგა რუსეთში 24-ე ყოველწლიურ ორმხრივ სამიტზე მიიწვია. ვიზიტის თარიღები ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

ამასთან, პუტინი და მოდი მონაწილეობას მიიღებენ BRICS-ის ლიდერთა სამიტის გახსნის ცერემონიაში, რომელიც ნიუ დელიში 12-13 სექტემბერს გაიმართება. შეხვედრას ასევე დაესწრებიან ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი და ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი.

მსგავსი