ვლადიმერ პუტინი - გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკად 2-ის“ პირველი ხაზით ბუნებრივი აირის მიწოდება შესაძლოა, ათ დღეში დაიწყოს
ვლადიმერ პუტინი - გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკად 2-ის“ პირველი ხაზით ბუნებრივი აირის მიწოდება შესაძლოა, ათ დღეში დაიწყოს

გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკად 2-ის“ პირველი ხაზით ბუნებრივი აირის მიწოდება შესაძლოა, დაახლოებით ათ დღეში დაიწყოს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

რუსეთის ლიდერის თქმით, „გაზპრომი“ ბუნებრივი აირის მიწოდებისთვის მზად არის, ამიტომ ყველაფერი დამოკიდებული იქნება გერმანიის მარეგულირებელ უწყებაზე.

ამასთან, პუტინი ვარაუდობს, რომ გაზსადენის მეორე ხაზის მშენებლობა დასრულდება 1,5-2 თვეში.

მისი თქმით, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ არის ევროპისთვის ეკონომიკურად მომგებიანი პროექტი, რომლის შედეგადაც ევროპის ქვეყნები გაზს უფრო იაფად მიიღებენ.

„ასჯერ ითქვა ამის შესახებ და მაინც, რაღაც სულელური პროპაგანდა ხალხს თავებს უჭედავს იმით, რომ აქ რაღაც პოლიტიკაა, ვიღაცის გვერდის ავლაა და ასე შემდეგ“, – განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, ეს სუფთა ეკონომიკური, კომერციული პროექტია.

„ის, ვინც ფიქრობს, რომ ეს არის ვიღაც პარაზიტების გვერდის ავლა – ეს თეზისი არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან ეს მარშრუტი ბალტიის ზღვის ფსკერზე რუსეთიდან გერმანიაში უფრო მოკლეა, ვიდრე ევროპული ქვეყნების გავლით, მაგალითად, უკრაინის, სლოვაკეთის ავსტრიის. ის უფრო მოკლე და უფრო იაფია“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ რუსული გაზის ევროპაში მიწოდებას უკრაინის გვერდის ავლით, ბალტიის ზღვის გავლით ითვალისწინებს. უკრაინასთან ერთად გაზსადენის მშენებლობას აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ეწინააღმდეგებიან. პროექტის მოწინააღმდეგეები მიიჩნევენ, რომ გაზსადენის ამოქმედება გაზრდის ევროპის ენერგეტიკულ დამოკიდებულებას რუსეთზე და უკრაინას შემოსავალს დააკარგვინებს.