ვლადიმერ პუტინი – ევროპული ჯარების უკრაინაში შეყვანა რუსეთთან ომს ნიშნავს
ევროპული ჯარების უკრაინაში შეყვანა რუსეთთან ომს ნიშნავს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ევროპელი ხალხი აცნობიერებს, რომ მათი ლიდერები ქვეყნებს კონფლიქტისკენ უბიძგებენ, რაც ხსნის გერმანიის არჩევნებში პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ბოლოდროინდელ შედეგებს.
პუტინის განცხადებით, დასავლეთის ქვეყნებმა პირდაპირ დაუჭირეს მხარი სეპარატიზმს კავკასიაში და პროვოცირება გაუკეთეს უკრაინის ამჟამინდელ კრიზისს.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, მოსკოვმა არაერთხელ განაცხადა, რომ ნატო-ს აღმოსავლეთისკენ გაფართოება მიუღებელია. პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი ევროპელებს არ ემუქრება და არც აპირებს ამის გაკეთებას.
„ახლა ისინი ამბობენ, რომ უკრაინაში ჯარების გაგზავნას განიხილავენ. ეს რუსეთთან ომს ნიშნავს. ვფიქრობ, ყველაფერი, რაც ევროპაში ხდება, ე.წ. დასავლეთის, დასავლელი გლობალისტების, პოლიტიკაში, უსაფრთხოებასა და ეკონომიკაში სისტემური შეცდომების შედეგია. ცივი ომის დასრულებისა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მათ ოლიმპოზე ყოფნის შეგრძნება ჰქონდათ. როგორც ჩანს, სჯეროდათ, რომ ყველაფრის გაკეთება შეეძლოთ, რომ ისინი იყვნენ ისინი, ვინც შეცდომებს არასდროს უშვებდნენ. ეს შეცდომები დაგროვდა თოვლის გუნდად. რეჟიმის შეცვლისთანავე, ვიმეორებ, სისხლიანი სახელმწიფო გადატრიალების გზით, მათ დაუყოვნებლივ დაისახეს მიზნად უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება. ეს საბოლოოდ გახდა უკრაინაში დღევანდელი ტრაგიკული მოვლენების ძირითადი მიზეზი“, – აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.