ვლადიმერ პუტინი - დასავლეთს რუსეთი წითელ ხაზებამდე მიჰყავს, ამას რუსეთი უპასუხოდ ვერ დატოვებს
დასავლეთს რუსეთი წითელ ხაზებამდე მიჰყავს, ამას რუსეთი უპასუხოდ ვერ დატოვებს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის კოლეგიის გაფართოებულ სხდომაზე განაცხადა.
„მითური რუსული საფრთხის საბაბით აშინებენ თავიანთ მოსახლეობას, რომ ვაპირებთ ვინმეზე თავდასხმას. ტაქტიკა ძალიან მარტივია: მივყავართ წითელ ხაზებამდე, რომლიდანაც უკან დახევა უკვე აღარ შეგვიძლია და ვიწყებთ პასუხს – მაშინვე აშინებენ მოსახლეობას, ადრე – საბჭოთა, ახლა კი რუსული საფრთხით“, – განაცხადა პუტინმა.
რუსეთის ლიდერის თქმით, აშშ და დასავლეთი განაგრძობენ თავიანთი წესების დანარჩენი მსოფლიოსთვის თავზე მოხვევას.
პუტინი აცხადებს, რომ აშშ-ისთვის არავითარი წესები არ არსებობს და ის ჰიბრიდულ ომს აწარმოებს რიგი ქვეყნების, მათ შორის, რუსეთის მიმართ.
„ვხედავთ, რომ აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაცია და პრაქტიკულად მთელი კოლექტიური დასავლეთი განაგრძობენ მსოფლიო საზოგადოებისთვის თავიანთი ე.წ. წესების მოხვევას, რომლებიც მუდმივად იცვლება, ისე როგორც მათ აწყობთ“, – აღნიშნა პუტინმა.
ვლადიმერ პუტინის თქმით, ამერიკა განაგრძობს უკრაინის შეიარაღებითა და თანხით დახმარებას, გზავნის დაქირავებულ მებრძოლებსა და სამხედრო მრჩევლებს, რითაც ხელს უწყობს კონფლიქტის შემდგომ ესკალაციას.