ვლადიმერ პუტინი – ჩვენ არავის ვემუქრებით, არ ვაპირებთ არავისზე თავდასხმას, არც 2029, არც 2030 და არც 2050 წელს, მაგრამ აგრესიას თუ შევეჯახებით, იძულებული ვიქნებით, ვუპასუხოთ

21:08, 01.10.2026

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დასავლეთი უკრაინაში რუსოფობიის სახელმწიფო იდეოლოგიად ქცევაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მოსკოვი იძულებული გახდა, აგრესიაზე შეიარაღებული ძალებით ეპასუხა.

ამასთან ერთად პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი არავის ემუქრება და არც 2029, 2030 ან 2050 წლებში რომელიმე ქვეყანაზე თავდასხმას გეგმავს, თუმცა აგრესიის შემთხვევაში მოსკოვი იძულებული იქნება, პასუხი გასცეს.

„ჩვენ არავის ვემუქრებით, არ ვაპირებთ არავისზე თავდასხმას, არც 2029, არც 2030 და არც 2050 წელს, მაგრამ აგრესიას თუ შევეჯახებით, იძულებული ვიქნებით, ვუპასუხოთ“, – განაცხადა პუტინმა საერთაშორისო სადისკუსიო კლუბ „ვალდაის“ ყოველწლიური სხდომის პლენარულ სესიაზე.

მისი თქმით, რუსეთი შეგნებულად მიიყვანეს იმ მდგომარეობამდე, როდესაც ქვეყანას საკუთარი თავის შეიარაღებული ძალებით დაცვა მოუხდა.

„დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთი შეგნებულად მიიყვანეს იმ სიტუაციამდე, როდესაც ის უბრალოდ იძულებული გახდა, ამ აშკარა აგრესიის საპასუხოდ, თავი იარაღით ხელში დაეცვა. შეგნებულად მიგვიყვანეს ამ ზღვრამდე“, – თქვა რუსეთის პრეზიდენტმა.

პუტინმა ასევე განაცხადა, რომ დასავლეთს არ უნდა ექცია უკრაინაში რუსოფობია, რუსების შევიწროება და მკვლელობები სახელმწიფო იდეოლოგიად და არ უნდა დაესახა მიზნად რუსეთის სტრატეგიული დამარცხება.

მისივე თქმით, დასავლეთი წლების განმავლობაში ცდილობდა რუსეთის იზოლაციასა და მის დაშლას, მიუხედავად იმისა, რომ ახალი რუსეთი, პუტინის განცხადებით, მრავალი წელი ცდილობდა დასავლურ ცივილიზაციასთან დაახლოებას.

„მრავალი წლის განმავლობაში, მინდა, ეს განსაკუთრებით აღვნიშნო, ახალი რუსეთი ცდილობდა ე.წ. დასავლური ცივილიზაციის ნაწილი გამხდარიყო, თუმცა პრაქტიკაში ისინი ყველაფერს აკეთებდნენ, რათა რუსეთი საბოლოოდ იზოლირებული და დაშლილი ყოფილიყო“, – განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ქვეყნის შიდა პოლიტიკური ცვლილებების მიუხედავად, დასავლეთი რუსეთს ისტორიული რუსეთის იმპერიის საკვანძო ნაწილად განიხილავდა. პუტინმა ასევე განაცხადა, რომ დასავლეთის „დაუსჯელობისა და თავნებობის“ პოლიტიკა ნატო-ს მიერ იუგოსლავიის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო ოპერაციიდან დაიწყო.

„რით დაიწყო ეს ყველაფერი? ნატო-ს იერიშით იუგოსლავიაზე“, – განაცხადა პუტინმა და აღნიშნა, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებას გაერო-ს უშიშროების საბჭოს სანქცია არ ჰქონდა.

პუტინის თქმით, ამის შემდეგ დასავლეთში გაჩნდა მიდგომა, „თუ ვინმეს შეუძლია, მაშინ სხვებსაც შეუძლიათ“, რის შედეგადაც, მისი შეფასებით, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შექმნილი საერთაშორისო სისტემის ძალთა ბალანსი დაირღვა.

რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მსოფლიოში მიმდინარე მასშტაბური ცვლილებები და მათთან დაკავშირებული ახალი შესაძლებლობები საერთაშორისო ურთიერთობების მონაწილეებს უფრო დიდი რისკებისკენ უბიძგებს. მისი შეფასებით, ამის გამო საერთაშორისო კონფლიქტები შესაძლოა, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდეს.

მსგავსი