ვლადიმერ პუტინი - არც ერთ ქვეყანას არ აქვს ისეთი ძლიერი იარაღი, როგორც რუსეთს
ვლადიმერ პუტინი - არც ერთ ქვეყანას არ აქვს ისეთი ძლიერი იარაღი, როგორც რუსეთს

არჩევნებამდე 18 დღით ადრე, ფედერალურ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის ბირთვულ არსენალსა და შეიარაღებაზე იმსჯელა. მან განაცხადა, რომ მსოფლიოს არც ერთ ქვეყანას არ აქვს ისეთი ძლიერი იარაღი, როგორც რუსეთს.

„არქტიკულ წყლებში რუსეთის სამხედრო ფლოტი იყო, არის და იქნება მსოფლიოს ყველაზე ძლევამოსილი ფლოტი, ჩვენი ჯარი კი მსოფლიოში უმაღლესი ტექნოლოგიით არის აღჭურვილი“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ახალ, ზებგერით იარაღზეც ისაუბრა, რომელიც, მისი თქმით, სიმძლავრით მეტეორის მსგავსი იქნება. იარაღის სახელწოდებაა „ავანგარდი“.

„2004 წელს მე განვაცხადე, რომ რუსეთს ექნება ისეთი იარაღი, რომელიც მსოფლიოში არავის არ აქვს. მაშინ არავინ მოგვისმინა, ახლა კი, როცა ეს იარაღი შევქმენით, მოგვისმინეთ!“ – განაცხადა პუტინმა.

რუსეთს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მიახლოვება რუსეთის საზღვრებთან რუსეთს აიძულებს, თავდაცვისუნარიანობა გაზარდოს.

„რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ახალი თაობის ბალისტიკური რაკეტებზე მუშაობს. ცდები უკვე დაწყებულია. ახალი კონტინეტთაშორისი ბალისტიკური რაკეტაც გამოცდის რეჟიმშია, რომელსაც „სარმატი“ ეწოდება. არ გამოვრიცხავ, რომ რაკეტები სამომავლოდ ბირთული ქობინებით აღვჭურვოთ“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

მისივე თქმით, რუსეთი საპასუხო ზომებს მიიღებს, როგორც კი რუსეთის ტერიტორიაზე ან მის მოკავშირეებზე ბირთვული თავდასხმა განხორციელდება.

სიტყვით გამოსვლისას პუტინმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსეთს არც ერთი საერთაშორისო შეთანხმება არ დაურღვევია.