ვლადიმერ პუტინი ალექსეი ნავალნის საქმეზე - ჩვენ არ გვაქვს ვინმეს მოკვლის ჩვევა
ვლადიმერ პუტინი ალექსეი ნავალნის საქმეზე - ჩვენ არ გვაქვს ვინმეს მოკვლის ჩვევა

ჩვენ არ გვაქვს ვინმეს მოკვლის ჩვევა, – ასე უპასუხა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „ენბისის“ ჟურნალისტის შეკითხვას, გასცა თუ არა რუსეთის ლიდერმა ალექსეი ნავალნის მოკვლის ბრძანება.

ვლადიმერ პუტინის „ენბისისთან“ ინტერვიუს ტექსტი კრემლის ოფიციალურ საიტზეა გამოქვეყნებული.

ჟურნალისტმა კირ სიმონსმა რუსეთის პრეზიდენტს ქვეყანაში ოპოზიციონერების დევნის შესახებ დაუსვა შეკითხვა და ჰკითხა, მზად არის თუ არა ვლადიმერ პუტინი იმის გარანტიის მიცემისთვის, რომ ნავალნი ციხიდან ცოცხალი და ჯანმრთელი გამოვა.

„მისმინეთ, ჩვენთან ასეთ გადაწყვეტილებებს პრეზიდენტი არ იღებს, ასეთ გადაწყვეტილებებს იღებს სასამართლო – გაათავისუფლოს თუ არა ადამიანი. რაც შეეხება ჯანმრთელობას, ყველა ადამიანზე, რომელიც იმყოფება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, შესაბამისად, პასუხს აგებს ამა თუ იმ დაწესებულების ადმინისტრაცია“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

ამერიკელმა ჟურნალისტმა ვლადიმერ პუტინს ასევე ჩამოუთვალა მის მიმართ კრიტიკულად განწყობილი მოკლული პირების სია, მათ შორის დაასახელა ანა პოლიტკოვსკაია, ალექსეი ლიტვინენკო, სერგეი მაგნიტსკი, ბორის ნემცოვი, მიხაილ ლესინი და აღნიშნა, რომ ყველა ეს პირი ვლადიმერ პუტინის მსხვერპლია.

„არ მინდა, უხეში მოგეჩვენოთ, თუმცა ეს კუჭის მოუნელებლობას ჰგავს, ოღონდ ზეპირსიტყვიერს. თქვენ ბევრი ადამიანი ჩამოთვალეთ, რომლებიც ნამდვილად დაზარალდნენ ან დაიღუპნენ სხვადასხვა დროს სხვადასხვა მიზეზით სხვადასხვა ადამიანის ხელით. თქვენ ლესინი აღნიშნეთ, ის ჩემს ადმინისტრაციაში მუშაობდა, მის მიმართ კარგი დამოკიდებულება მქონდა. ის აშშ-ში დაიღუპა, გარდაიცვალა ან დაიღუპა – არ ვიცი, თუმცა ჩვენ თქვენ უნდა გკითხოთ, როგორ დაიღუპა ის იქ… რაც შეეხება სხვებს, დანაშაულის ჩამდენი პირებისგან ზოგიერთი ვიპოვეთ ზოგიერთი – არა, ზოგიერთი ციხეში ზის. ჩვენ მზად ვართ, მომავალშიც ვიმუშაოთ ამავე რეჟიმით, გამოვავლინოთ ყველა, ვინ კანონის წინააღმდეგ მიდის და თავისი ქმედებებით ზიანს აყენებს, მათ შორის რუსეთის ფედერაციის იმიჯს“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.