ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისგან განსხვავებით, ნატო-ში წევრობა რუსეთის გრძელვადიან უსაფრთხოებას ემუქრება
უკრაინის ევროკავშირის წევრობის წინააღმდეგები არასდროს ვყოფილვართ, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა პეკინში, სლოვაკეთის პრემეირ- მინისტრთან, რობერტ ფიცოსთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
პუტინის თქმით, უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება რუსეთის უსაფრთხოების ინტერესებს ეწინააღმდეგება.
„ჩვენი პოზიცია აქ ცნობილია, ჩვენ ეს მიუღებლად მიგვაჩნია. ცხადია, ეს თავად უკრაინის გადაწყვეტილებაა, თუ როგორ უნდა უზრუნველყოს საკუთარ უსაფრთხოება. თუმცა, როგორც ეს ჩაიწერა ფუნდამენტურ დოკუმენტებში, მათ შორის უსაფრთხოების სფეროში ევროპის კონტინენტზე, ეს ვერ იქნება უზრუნველყოფილი სხვა ქვეყნების უსაფრთხოების ხარჯზე, კერძოდ, რუსეთის ფედერაციის ხარჯზე“, – აღნიშნა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობისგან განსხვავებით, უკრაინის ნატო-ში წევრობა რუსეთის გრძელვადიან უსაფრთხოებას დაემუქრებოდა. პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოება მიზნად ისახავდა მთელი პოსტსაბჭოთა სივრცის შთანთქმას და რუსეთს საკუთარი ინტერესები უნდა დაეცვა.