ვლადიმერ პაპავა - ღარიბი მოსახლეობისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ტელევიზორი ან სასტუმროს ხარჯი გაიაფდება თუ გაძვირდება, რადგან ამაზე ხელი ისედაც არ მიუწვდება 
ვლადიმერ პაპავა - ღარიბი მოსახლეობისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ტელევიზორი ან სასტუმროს ხარჯი გაიაფდება თუ გაძვირდება, რადგან ამაზე ხელი ისედაც არ მიუწვდება 

იმპორტდამოკიდებულ ქვეყნებში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის რეჟიმი ვერ ამართლებს და დროა,  ეროვნულმა ბანკმა ამ რეჟიმის ცვლილებასთან დაკავშირებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მოლაპარაკებები დაიწყოს, – ამის შესახებ ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, ლადო პაპავამ დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას განაცხადა.

გადაცემაში ლარის კურსის რყევები და მონეტარული პოლიტიკის საკითხი განიხილეს. დისკუსიის დროს პაპავამ აღნიშნა, რომ ქვეყანაში 10 წლის განმავლობაში მოქმედი ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის რეგულირების რეჟიმი უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და დროა, ქვეყანამ ცვლილებაზე იფიქროს.

„არის ასეთი ძალიან ცნობილი ეკონომისტი და ეკონომიკაში ნობელის პრემიის ლაურეატი ჯოზეფ სტიგლიცი, რომელმაც 10 წელზე დიდი ხნის წინ ძალიან საინტერესო სტატია დაწერა იმის შესახებ, რომ იმპორტდამოკიდებულ ქვეყნებში ინფლაციის თარგეთირების მექანიზმი ვერ ამართლებს. როგორც აღვნიშნეთ, საქართველო იმპორტდამოკიდებული ქვეყანაა. თუ თეორიულად საბუთდება, რომ ეს რეჟიმი ვერ ამართლებს, ბუნებრივია. ვერ გაამართლებს საქართველოშიც. უკვე 10 წელია, აღნიშნული რეჟიმი მოქმედებს და საკმაოდ საინტერესო მასალა დაგროვდა. ეროვნულმა ბანკმა ეს მასალა უნდა დაამუშაოს და ამის საფუძველზე რეჟიმის ცვლილებასთან დაკავშირებით, სავალუტო ფონდთან მოლაპარაკებები დაიწყოს“, – განაცხადა პაპავამ.

ის მიიჩნევს, რომ სამომხმარებლო კალათის სტრუქტურაც შესაცვლელია, რადგან ინფლაციის არსებული მიზნობრივი მაჩვენებლის განსაზღვრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი სამომხმარებლო კალათაა, რომელიც ხელოვნურად ამცირებს მიზნობრივ მაჩვენებელს. გადაცემის თანაწამყვანმა და კომპანია „გურიელის“ გენერალურმა დირექტორმა, მიხეილ ჭკუასელმა აღნიშნა, რომ საქართველოს სამომხმარებლო კალათაში სასურსათო კომპონენტი 30 პროცენტს შეადგენს მაშინ, როცა მსგავსი ტიპის განვითარებად ქვეყნებში აღნიშნული მაჩვენებელი საშუალოდ 50 პროცენტია.

„ინფლაციის განსაზღვრისათვის სამომხმარებლო კალათის სტრუქტურის გადახედვა აუცილებელია. თუ ჩვენნაირი დონის ქვეყნებში სასურსათო კომპონენტი 50 პროცენტზეა, ჩვენთან კი, 30 პროცენტია, ეს ხელოვნურად ამსუბუქებს კალათას და ხელოვნურად წევს ინფლაციას დაბლა. საქმე ისაა, რომ ღარიბი მოსახლეობისთვის მნიშვნელობა არ აქვს ტელევიზორი ან სასტუმროს ხარჯი გაიაფდება თუ გაძვირდება, რადგან ეს ის საქონელი და მომსახურებაა, რომელზეც მას ისედაც არ მიუწვდება ხელი, ამიტომ ეს აუცილებლად შესაცვლელია“, – განმარტა პაპავამ.

მისი აზრით, საქართველოში მიზნობრივი ინფლაციის ფიქსირებული მაჩვენებლის ნაცვლად, შესაძლებელია, ერთ-ერთ ვარიანტად ინფლაციის ზედა და ქვედა ზღვარის დაწესების საკითხიც განიხილებოდეს.

„რაც შეეხება ინფლაციის არსებულ მიზნობრივ მაჩვენებელს, რომელიც 3 პროცენტია, არის ქვეყნები, სადაც ზედა და ქვედა ზღვრებია დაწესებული. ასეთი ინფლაციური მიზნობრივი მაჩვენებელი უფრო მისაღებია, რომ როგორც ბიზნესს, ისე რიგით მოქალაქეს არსებულ ვითარებაზე წარმოდგენა შეექმნას. როცა გაქვს ერთი მაჩვენებელი და მასზე 1.5-ჯერ გადამეტება არაფერს ნიშნავს ცენტრალური ბანკისთვის, გაუგებარია, ეს რა მიზნობრივი მაჩვენებელია. არიან ქვეყნები, სადაც ინფლაციის მაჩვენებლის დიაპაზონი ძალიან დიდია და ესეც კითხვებს ბადებს, მაგრამ ამ დიაპაზონში სხვა თუ არაფერი, მოქმედება ლეგიტიმურია, ხოლო როცა მიზნობრივი მაჩვენებელი გაქვს 3 პროცენტი და 4.7 ფიქსირდება [ბოლო მონაცემით] მიზნობრიობა თავისთავად აზრს კარგავს“, – განაცხადა ვლადიმერ პაპავამ.