ვლადიმერ კონსტანტინიდი - სტამბოლში, ერთ-ერთ კომერციულ ობიექტზე თავდასხმაში პირველადი მონაცემებით, ეთნიკურად ქართველებიც მონაწილეობდნენ
ვლადიმერ კონსტანტინიდი - სტამბოლში, ერთ-ერთ კომერციულ ობიექტზე თავდასხმაში პირველადი მონაცემებით, ეთნიკურად ქართველებიც მონაწილეობდნენ

არის ვერსია, რომ სტამბოლში ერთ-ერთ კომერციულ ობიექტზე თავდასხმაში რუსეთის მოქალაქეებთან ერთად კიდევ ორი პირი მონაწილეობდა, რომლებიც პირველადი მონაცემებით, ეთნიკურად ქართველები იყვნენ, თუმცა მათი მოქალაქეობა დაზუსტებული არ არის, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა სტამბოლში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განაცხადა, რა დროსაც საქართველოს ერთი მოქალაქე დაიღუპა.

მისი თქმით, საქართველოს გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის გადმოსვენების პროცესში ჩართულია საკონსულო.

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება. ჩვენი საკონსულო არის აქტიურად ჩართული, ჩვენი კონსული ამ წუთებშიც იმყოფება პოლიციაში. გარდაცვლილია საქართველოს ერთი მოქალაქე.

წინასწარი მონაცემებით, მოხდა ერთ-ერთ კომერციულ ობიექტზე თავდასხმა, სადაც იმყოფებოდნენ რუსეთის მოქალაქეები, მათგან დაჭრილია ორი ადამიანი. დანარჩენი ორი პირი, რომელიც თავდასხმაში მონაწილეობდა მიიმალა. არის ვერსია, რომ ისინიც საქართველოს მოქალაქეები არიან. პირველადი მონაცემებით, ეთნიკურად იყვნენ ქართველები, თუმცა მოქალაქეობა დაზუსტებული არ არის. გადმოსვენებაზე ძალიან ოპერატიულად, მყისიერად ვრეაგირებთ. იცით, რომ გვაქვს სპეციალური მექანიზმი და სახელმწიფო არის ჩართული, ამიტომ გადმოსვენების მიმართულებითაც მუშაობს საკონსულო. გამოძიებაზეა დამოკიდებული ეს პროცესი, რადგან საუბარია კრიმინალურ შემთხვევაზე.

ეს იყო თავდასხმა, კონკრეტულად, თუ არ ვცდები, ეს იყო საფოსტო გზავნილების ოფისი, სადაც სამი შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა, მოსთხოვეს იქ მყოფებს დაწოლა, დიდი ალბათობით ეს იყო ძარცვის მიზნით, თუმცა არ არის გამორიცხული კრიმინალური გარჩევა. ამ პროცესში მოხდა გასროლა, დაიჭრა ორი ადამიანი – თავდასხმის ობიექტები, შემდეგ თავდამსხმელებმა სცადეს მიმალვა, დააგდეს იარაღი და იმავე იარაღით მოხდა გასროლა და გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე”, – განაცხადა კონსტანტინიდმა.

სტამბოლში რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეებს შორის მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით პოლიცია საქართველოს ორ მოქალაქეს ეძებს. ინფორმაცია „ჰაბერთურქმა“ გაავრცელა.