ვლადიმერ კონსტანტინიდი - საქართველოში სრულად არის უზრუნველყოფილი უცხო ქვეყნების, მათ შორის, რუსეთის მოქალაქეებისა და ტურისტების უსაფრთხოება
ვლადიმერ კონსტანტინიდი - საქართველოში სრულად არის უზრუნველყოფილი უცხო ქვეყნების, მათ შორის, რუსეთის მოქალაქეებისა და ტურისტების უსაფრთხოება

ურთიერთობების ჩიხიდან გამოსაყვანად, რომელშიც აღმოვჩნდით 2008 წლის ოკუპაციის შემდეგ, აუცილებელია დეოკუპაციის პროცესის დაწყება, რისთვისაც შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადაიდგას ჟენევის საერთაშოროსო მოლაპარაკებების ფორმატში, რის შესახებაც ქართული მხარე მუდმივად საუბრობს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა.

სერგეი ლავროვმა რუსულ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ იმედი აქვს, საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში ვითარებას დაასტაბილურებს და რუსების მიმართ „არსებულ საფრთხეებს“ აღკვეთს.

ვლადიმერ კონსტანტინიდის თქმით, საქართველოში სრულად არის უზრუნველყოფილი უცხო ქვეყნების, მათ შორის, რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოება.

„მოვისმინეთ სერგეი ლავროვის განცხადებები. უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით მინდა, გითხრათ, რომ საქართველოში სრულად არის უზრუნველყოფილი უცხო ქვეყნების, მათ შორის, რუსეთის მოქალაქეებისა და ტურისტების უსაფრთხოება, რამდენადაც საქართველო წარმოადგენს უსაფრთხო ქვეყანას, რაც დადასტურებულია ევროკავშირის მიერ და ასახულია სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგში. ურთიერთობების ჩიხიდან გამოსაყვანად, რომელშიც აღმოვჩნდით 2008 წლის ოკუპაციის შემდეგ, აუცილებელია დეოკუპაციის პროცესის დაწყება, რისთვისაც შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადაიდგას ჟენევის საერთაშოროსო მოლაპარაკებების ფორმატში, რის შესახებაც ქართული მხარე მუდმივად საუბრობს. ჟენევაში მიმდინარე დიალოგის მიზანია რუსეთის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაცია, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დეოკუპაცია, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების დაბრუნება საკუთარ სახლებში. ამავდროულად, მნიშვნელოვანია გარკვეული პროგრესის შენარჩუნება, რაც მიღწეულია სავაჭრო-ეკონომიკური და ჰუმანიტარული მიმართულებით. აღნიშნული შედეგების შენარჩუნების მიზნით უნდა მოხდეს შექმნილი დაძაბულობის მოხსნა და დეესკალაცია“, – განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.