ვლადიმერ კონსტანტინიდი – საერთაშორისო თანამეგობრობა მკაცრად გამოეხმაურა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს, რაც ადასტურებს, რომ ისინი არ შეეგუებიან ოკუპაციას
საერთაშორისო თანამეგობრობა აქტიურად, მკაცრად გამოეხმაურა აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს, რაც იმის დადასტურებაა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა არ შეეგუება საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა განაცხადა.
როგორც ვლადიმერ კონსტანტინიდმა აღნიშნა, გარდა ცალკეული ქვეყნებისა, პოლონეთის მხარის ინიციატივით, ერთობლივი განცხადება გააკეთა 15-მა ქვეყანამ ამერიკის და ევროპის, რომელშიც მათ ე.წ. არჩევნები გამოაცხადეს არალეგიტიმურად, ხაზი გაუსვეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მიმდინარეობას, მოუწოდეს რუსეთს შეასრულოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.
„გარდა ამისა, განცხადებები გააკეთეს ცალკეულმა ქვეყნებმა, პარტნიორებმა, ესენი არიან ფინეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა. ეს არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა არ შეეგუება საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, მისი საზღვრების იძულებით ცვლილებას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე უკანონო პროცესებს კონსოლიდირებულად და მკაცრად გამოეხმაურება“, – განაცხადა კონსტანტინიდმა.