ვლადიმერ კონსტანტინიდი - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის გამონათქვამები ცინიკურია
ვლადიმერ კონსტანტინიდი - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის გამონათქვამები ცინიკურია

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის გამონათქვამები არის ცინიკური – მცდელობა, გამართლება მოუძებნოს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უკანონო დაკავებების, გატაცებების, ეთნიკური დისკრიმინაციის, წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისა და სხვა ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებს საოკუპაციო ხაზზე განლაგებული რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ე.წ. მესაზღვრეთა მხრიდან, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა განაცხადა.

მისივე თქმით, მსგავსი გამონათქვამები წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიული პოლიტიკის მორიგ დემონსტრირებას.

„სამწუხაროდ, წლების განმავლობაში რუსეთის ფედერაცია უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს, გაერო-ს ქარტიას, ჰელსინკის დასკვნით აქტს, ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას და სრულად უგულებელყოფს ადამიანის უნივერსალურ უფლებებს. რუსეთის მიერ საქართველოს განუყოფელი რეგიონების უკანონო ოკუპაციისა და მავთულხლართების და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის შედეგად, სულ უფრო მეტად მძიმდება საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარული მდგომარეობა. შედეგად, მკვიდრი მოსახლეობა მოკლებულია საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე თავისუფალი გადაადგილებისა და თავიანთ მიწის ნაკვეთებზე წვდომის შესაძლებლობას“, – განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

მისი თქმით, საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში რუსეთის პროვოკაციული ნაბიჯები ცხადყოფს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნისა და ადამიანის უფლებათა მონიტორების დაშვების აუცილებლობას.

„სიტუაციის დეესკალაციის ერთადერთი წინაპირობაა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მხრიდან უკანონო ქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტა, ასევე ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის, ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება და თავისი სამხედრო ფორმირებების საქართველოს ტერიტორიიდან სრულად გაყვანა“, – განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრებზე დაძაბულობის შესამცირებლად ერთობლივი მუშაობისთვის საქართველო მზადყოფნას არ გამოთქვამს“.