ვლადიმერ კონსტანტინიდი - გერმანიის პროკურატურამ ხანგოშვილის ცხედრის გადმოსვენებაზე თანხმობა გასცა და საელჩო ამ საკითხზე ინტენსიურ მუშაობას დაიწყებს
ვლადიმერ კონსტანტინიდი - გერმანიის პროკურატურამ ხანგოშვილის ცხედრის გადმოსვენებაზე თანხმობა გასცა და საელჩო ამ საკითხზე ინტენსიურ მუშაობას დაიწყებს

გერმანიის პროკურატურამ ზელიმხან ხანგოშვილის ცხედრის გადმოსვენებაზე დღეს გასცა თანხმობა და საელჩო უახლოეს მომავალში დაიწყებს ინტენსიურ მუშაობას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა განაცხადა.

როგორც კონსტანტინიდმა აღნიშნა, ზელიმხან ხანგოშვილის საქმეს იძიებენ გერმანელი სამართალდამცველები და ქართული მხარე ინტენსიურად ურთიერთობს გერმანულ მხარესთან.

„რაიმე სახის კონკრეტულ ინფორმაციას ვერ დაგიდასტურებთ, ვიდრე გამოძიება არ ჩათვლის საჭიროდ და გერმანელი სამართალდამცავები უფრო მეტ დეტალს არ მოგვაწვდიან. ერთადერთი, რაც გუშინდელის შემდეგ შეგვიძლია განვაცხადოთ, არის ის, რომ პროკურატურამ დღეს გასცა თანხმობა ცხედრის გადმოსვენებაზე, რაზეც საელჩო უახლოეს მომავალში დაიწყებს ინტენსიურ მუშაობას. დამატებით ვერაფერს გეტყვით, რადგან ეს არის აბსოლუტურად გერმანელი სამართალდამცავების პრეროგატივა და იმედია, უფრო მეტი დეტალი გვექნება უახლოეს მომავალში“, – განაცხადა კონსტანტინიდმა.

საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინის მოაბიტის რაიონში 23 აგვისტოს მოკლეს. როგორც გერმანული მედია იუწყება, მოკლული წარსულში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიტერორისტული სამმართველოს თანამშრომელი იყო. „შპიგელის“ ინფორმაციით, საქართველოში მისი მკვლელობის მცდელობის შემდეგ, ხანგოშვილი უკრაინაში გაემგზავრა, სადაც ადგილობრივ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა და რუსეთის გავლენის წინააღმდეგ იბრძოდა. მეორე თავდასხმის შემდეგ ხანგოშვილი ბერლინში გადავიდა საცხოვრებლად.