ვლადიმერ კონსტანტინიდი - ესპანეთში საიმიგრაციო წესების დარღვევისთვის დაკავებული საქართველოს 11 მოქალაქე სასამართლომ გაათავისუფლა
ვლადიმერ კონსტანტინიდი - ესპანეთში საიმიგრაციო წესების დარღვევისთვის დაკავებული საქართველოს 11 მოქალაქე სასამართლომ გაათავისუფლა

ბარსელონაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად საიმიგრაციო წესების დარღვევისთვის დაკავებული საქართველოს მოქალაქეებიდან, სასამართლომ 11 პირი გაათავისუფლა. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა განაცხადა. მისივე ინფორმაციით, დანარჩენი დაკავებულების საქმეს სასამართლო კვირის ბოლომდე განიხილავს.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა აღნიშნა, ის პირები, რომლებსაც სასამართლო ბინების ქურდობისა და კრიმინალურ დაჯგუფებასთან კავშირის ედავება, წინასწარ პატიმრობაში რჩებიან.

„გარკვეული რაოდენობა ჩვენი მოქალაქეებისა უკვე წარდგა სასამართლოს წინაშე. პარასკევს დაიწყო სასამართლო პროცესები და გრძელდება. უფრო ზუსტი მონაცემები გვექნება ხვალ. 25 დაკავებულის საქმე, რომლებიც სისხლის სამართლის დანაშაულისთვის არიან დაკავებულები, განსხვავებულ რეჟიმში განიხილება. ჩვენი ინფორმაციით, მათ შეეფარდათ წინასწარი პატიმრობა. დაკავებული 11 მოქალაქე გაათავისუფლეს და დანარჩენი მოქალაქეების საკითხი გადაწყდება უახლოეს დღეებში. იცით, რომ მათ ძირითადად ესპანური მხარე ედავება ადგილობრივი კანონის, ანუ სავიზო რეჟიმის დარღვევას, ასევე ადგილზე, ანუ სკოლის შენობაში სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა, რჩებიან ჩვენი მოქალაქეები, რომელთა სტატუსიც ზუსტდება. ჯერ არ არის ცნობილი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ადგილობრივი საემიგრაციო ხელისუფლება. ამ მოქალაქეების საკმაოდ დიდ ნაწილს პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნაზე აქვთ განაცხადი შეტანილი, რაც როგორც წესი, დღეს ასეთი განცხადებების შეტანა შენგენისა და ევროკავშირის ქვეყნებში უარყოფითად სრულდება, არ კამყოფილდება. “ – განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

ესპანეთში 4 აპრილს სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია სხვადასხვა ქვეყნის 100-ზე მეტი მოქალაქე, მათ შორის საქართველოს 25 მოქალაქე, რომლებსაც ბრალად საცხოვრებელი ბინების ქურდობა და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობა ედებათ. ასევე, ადმინისტრაციული წესით, საიმიგრაციო წესების დარღვევისთვის საქართველოს 41 მოქალაქე დააკავეს.