ვლადიმერ კონსტანტინიდი - დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა თავიანთი ინტერესი გამოხატეს და 20 ივნისს იმყოფებოდნენ პარლამენტში 
ვლადიმერ კონსტანტინიდი - დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა თავიანთი ინტერესი გამოხატეს და 20 ივნისს იმყოფებოდნენ პარლამენტში 

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა თავიანთი ინტერესი გამოხატეს და ისინი იმყოფებოდნენ პარლამენტში, მათთან ინტენსიური კომუნიკაცია ჰქონდა ჩვენს უწყებასაც და სხვა სახელმწიფო უწყებებსაც, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ 20 ივნისის ღამეს პარლამენტში ელჩების ყოფნასთან დაკავშირებულ საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

საგარეო უწყების წარმომადგენელმა აღნიშნულ საკითხზე მის მიერ დღეს გაკეთებული განცხადება განმარტა და თქვა, რომ კომენტარს არასწორი ინტერპეტაცია მიეცა.

მისი განმარტებით, მსგავსი მნიშვნელოვანი მოვლენების დროს ყოველთვის მაღალი ინტერესია და ამას დიპლომატიური კორპუსი თვალს ადევნებს, თუმცა საგარეო უწყებას მათი ფიზიკური მობილიზება არ მოუხდენია.

„სახელმწიფო უწყებებს, მათ შორის საგარეო უწყებას, დიპკორპუსთან ინტენსიური კომუნიკაცია ჰქონდა, თუმცა კითხვა-პასუხმა ინტერპრეტაციის საშუალება დატოვა, ამიტომ საჭიროდ ჩავთვალეთ, დაგვეზუსტებინა.

ამ პროცესში ინტენსიური კომუნიკაცია იყო ელჩებთან, დიპლომატიურ კორპუსთან ჩვენი უწყების, ისევე როგორც სხვა უწყებების, მაგრამ თუ ფიზიკურ მობილიზაციას გულისხმობთ, ბუნებრივია, ფიზიკური მობილიზაცია არ ყოფილა, რადგან ამის აუცილებლობა, რომ ეს ადამიანები ჩვენ მოგვეწვია, არ ყოფილა“, – აღნიშნა კონსტანტინიდიმ.

კითხვაზე, კონკრეტულად რომელი ელჩები იმყოფებოდნენ საკანონმდებლო ორგანოში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი პასუხობს, რომ ეთერიდანაც ჩანდა, რომ პარლამენტში იყო გერმანიის ელჩი. სხვა ელჩების ვინაობას კონსტანტინიდი არ აკონკრეტებს.

„ეთერიდანაც ჩანდა, რომ იქ იყო გერმანიის ელჩი. ზუსტად რომელი ელჩი იმყოფებოდა, ვერ დაგიდასტურებთ, მაგრამ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ“, -დასძინა კონსტანტინიდიმ.

20 ივნისის ღამეს პარლამენტში ელჩების ყოფნასთან დაკავშირებით კითხვაზე დღეს კონსტანტინიდიმ განაცხადა, რომ პირველად ესმის ინფორმაცია, რომ ვინმემ უცხო ქვეყნის ელჩებს მობილიზაცია გაუკეთა და პარლამენტის შენობაში მიიყვანა. „ამ ინფორმაციას არ გიდასტურებთ“, – აღნიშნა მან.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ გუშინ განაცხადა, რომ პარლამენტიდან ხედავდა 20 ივნისის ღამეს ზოგიერთი პოლიტიკოსი როგორ ლიდერობდა შტურმს და აღნიშნა, რომ მასთან ერთად რამდენიმე ქვეყნის ელჩიც იყო.