ვლადიმერ კონსტანტინიდი - 11 წლის წინ რუსეთმა დაიწყო ზეწოლა საერთაშორისო თანამეგობრობის ქვეყნებზე, რათა მათაც ეღიარებინათ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობა
ვლადიმერ კონსტანტინიდი - 11 წლის წინ რუსეთმა დაიწყო ზეწოლა საერთაშორისო თანამეგობრობის ქვეყნებზე, რათა მათაც ეღიარებინათ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობა

11 წლის წინ რუსეთმა ყველანაირი საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევით აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობა, დაიწყო აქტიური ზეწოლა საერთაშორისო თანამეგობრობის ქვეყნებზე, რომ ისინიც ანალოგიურად მოქცეულიყვნენ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა განაცხადა.

მისი თქმით, მთელი საერთაშორისო საზოგადოება კონსოლიდირებულია და მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, რამდენიმე გამონაკლისის გარდა.

„11 წლის წინ რუსეთმა ყველანაირი საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევით და 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების სრული იგნორირებით მოახდინა ე.წ. რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარება და უფრო მეტიც, დაიწყო აქტიური მუშაობა და ზეწოლა საერთაშორისო თანამეგობრობის სხვა ქვეყნებზე, რომ მათაც ანალოგიურად მოეხდინათ და ეღიარებინათ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობა.

საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობდა პრევენციულ რეჟიმში ყველა ამ საკითხთან მიმართებაში საერთაშორისო პარტნიორებთან და აქტორებთან. მიუხედავად ამისა, იცით, რომ რამდენიმე ქვეყანამ ვერ გაუძლო რუსეთის ზეწოლას და მათ სხვადასხვა დროს მოახდინეს დამოუკიდებლობის აღიარება. მაგრამ აქვე უნდა ითქვას, რომ ჩვენი აქტიური ძალისხმევით მოხერხდა ის, რომ ორმა სახელმწიფომ, ტუვალუმ და ვანუატუმ უკან წაიღეს აღიარებები, რაც გაფორმდა წერილობით, შესაბამისი ოქმებით გაერო-სა და თბილისში. მთელი საერთაშორისო საზოგადოება კონსოლიდირებულია და მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, რამდენიმე გამონაკლისის გარდა.

საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს იმ რისკებზე, რომელიც აღიარებასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. პრევენციულ რეჟიმში ასევე ვეყრდნობით ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თანადგომას, მხარდაჭერას, ძალისხმევას, რისი ერთ-ერთი მკაფიო მაგალითიც არის აშშ-ს ფისკალურ დოკუმენტში ასახული ჩანაწერი, რომ ქვეყანა, რომელიც უკანონოდ შეეცდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გამოცხადებას, ვეღარ გახდება ამერიკის მხრიდან ფინანსური დახმარების ბენეფიციარი“, – განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.