ვლადიმერ კონსტანტინიდი ​- შრომითი ანაზღაურების 200 000 ლარით შემცირება გადაწყვეტილი არ არის
ვლადიმერ კონსტანტინიდი ​- შრომითი ანაზღაურების 200 000 ლარით შემცირება გადაწყვეტილი არ არის

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო ქაცარავა აცხადებს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში შრომის ანაზღაურების 200 000 ლარით შემცირება იგეგმება.

კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვისას ქაცარავა დაინტერესდა, შრომის ანაზღაურების შემცირება რატომ იგეგმება და ეს უწყებიდან გამოიწვევს თუ არა კვალიფიციური კადრების გადინებას.

„რაღაცის ხარჯზე შესაძლებელია, რომ შრომითი ანაზღაურება მომავალ წელს თუ არა, შემდეგ წლებში იყოს გათვალისწინებული, რათა საგარეო უწყებაში კვალიფიცირებული კადრები არსებობდნენ. ეს ანაზღაურებასთან არის დაკავშირებული“, – აღნიშნა დეპუტატმა.

ქაცარავას კითხვის საპასუხოდ, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ვლადიმერ კონსტანტინიდი აცხადებს, რომ ეს საკითხი საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის, საკითხი დამუშავების პროცესშია.

„ამის დაბალანსება შიდა ეკონომიის ხარჯზე მოხდება“, – დასძინა კონსტანტინიდმა.

2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი შენიშვნებითურთ, მთავრობას უკან 18 ოქტომბერს დაუბრუნდება, რისი კორექტირებაც მოხდება.