ვლადიმერ გუცაევი - გუნდებში კერძო ბიზნესის შესვლა აუცილებელია
ვლადიმერ გუცაევი - გუნდებში კერძო ბიზნესის შესვლა აუცილებელია

„საკლუბო დონის განვითარებისთვის გამოსავალი გუნდებში კერძო მესაკუთრეების შესვლა იქნება“, – განაცხადა საქართელოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმ აუტის“ თანაწამყვანმა ვლადიმერ გუცაევმა.

მან თავისი აზრი გუნდების დაფინანსების პრიორიტეტებზეც გამოთქვა: „კარგია, როდესაც გუნდებს სახელმწიფო ეხმარება, მაგრამ ეს უნდა იყოს დახმარება. თუმცა, გუნდები მხოლოდ ამას არ უნდა ეყრდნობოდნენ. გუნდების დაფინანსება ჩვენზე მდიდარ ქვეყნებშიც უჭირთ, საქართველოში კი უფრო ძნელია, რადგან დიდი ფუფუნება არაა“.

გუცაევს გადაცემის სტუმარი ლევან კორღალიძეც დაეთანხმა: „აბსოლუტურად გეთანხმებით, კლუბების ბიუჯეთებისთვის მთავარი სახელმწიფო დაფინანსებაა და არა ინვესტიცია. ეს სამწუხარო რეალობაა, რომ საკლუბო დონეზე სასურველი ფინანსური მდგომარეობა არ გვაქვს“.

ვლადიმერ გუცაევი: „კვარაცხელია, ჩაკვეტაძე და კიტეიშვილი „დინამოს“ აკადემიის აღზრდილები არიან. კერძო ბიზნესი რომ შემოვა, ბევრი ასეთი აკადემია იქნება და მეტი ფეხბურთელი გაიზრდება. წარმოიდგინეთ, ვაზისუბანიდან და ვარკეთილიდან ბავშვისთვის რა რთულია ყოველდღე დიღომში, „დინამოს“ აკადემიაში სიარული. ვაზისუბანსა და ვარკეთილში კი 300 ათასი ადამიანი მაინც ცხოვრობს და იქ აკადემია რომ გააკეთო, რამხელა პერსპექტივა იქნება“.

კორღალძემ ხვიჩა კვარაცხელიას მაგალითზე ილაპარაკა, ნიჭერი მოთამაშეები უცხოეთში როდის უნდა წავიდნენ: „ის ოქროს შუალედი უნდა მოინახოს, ფეხბურთელები რომ უნდა წავიდნენ. ჩვენ ვიცით, საქართველოში მოთამაშეთა ანაზღაურება დაბალია. ამ დროს, რუსეთიდან და ევროპიდან შემოთავაზება რომ გაქვს და ფინანსებში დიდი სხვაობაა, პლუს, წასვლით განვითარების მეტი პერსპექტივა გაქვს, რა თქმა უნდა, ძნელია, ვინმეს წასვლა დაუშალო. მათი შენარჩუნების ფინანსური ბერკეტები არც გაგვაჩნია“.