ვლადიმერ ჩაჩიბაია - სააკაშვილის განცხადება შემაშფოთებელია, რადგან ყოვლად დაუშვებელია სამხედროების პოლიტიკურ თამაშებში ჩათრევა
ვლადიმერ ჩაჩიბაია - სააკაშვილის განცხადება შემაშფოთებელია, რადგან ყოვლად დაუშვებელია სამხედროების პოლიტიკურ თამაშებში ჩათრევა

მიხეილ სააკაშვილის განცხადება არ არის ბუნდოვანი, კონკრეტულ პოლიტიკურ მიზანს ემსახურება. მისი განცხადება შემაშფოთებელია, რადგან ყოვლად დაუშვებელია სამხედროების პოლიტიკურ თამაშებში ჩათრევა, ეს არის საფრთხილო, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ძალების ყოფილმა მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

ვლადიმერ ჩაჩიბაიამ პოლიტიკოსებს მოუწოდა, სამხედროებთან მიმართებაში მსგავსი განცხადებების გაკეთებისგან თავი შეიკავონ.

„თავდაცვის ძალების განვითარებას თავისი ისტორია აქვს. ჯარს, რომელსაც ის ტილიანს და არაფრის მაქნისს უწოდებს, სწორედ იმ ჯარის დამსახურებაა, რომ საქართველო 1990-იან წლებში, თავისი დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად თავს იცავდა და დღეს ამ ჯარის დამსახურებაა, რომ ქვეყანა დამოუკიდებელია. დაუშვებელია, ამ ადამიანებს ტილიანი და არაფრის მაქნისი ვუწოდოთ.

კონვერტებით ფულით გადაცემაზე საუბარს ნუ დავიწყებთ, რადგან მიხეილ სააკაშვილს, შემიძლია, ბევრი ფაქტი მოვუყვანო, 2012 წლამდე რა ხდებოდა. ჯარი ცალკეა პოლიტიკისგან და სააკაშვილის განცხადება ჯარის პოლიტიკაში შეთრევის არის საფრთხის მატარებელი. 2012 წლიდან დღემდე ჯარი აპოლიტიკურია და ამის შედეგია ის, რომ კონკრეტულ არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ არ მოუგია რამდენიმე უბანი, მაგრამ ამის გამო არავინ დასჯილა და ჯარიდან არ გაუგდიათ, რისი მაგალითებიც 2012 წლამდე იყო. 2012 წლამდე საქართველოს თავდაცვის ძალებში განთავსებული იყო საარჩევნო უბნები და ყველა მეთაურის მიმართ იყო ზეწოლა. სამხედრო ნაწილებში არც ერთი საარჩევნო უბანი არ არის, ყველა ჯარისკაცი თავისუფალია საკუთარ არჩევანში. რაც შეეხება კონვერტებს, 2009 წელს თავდაცვის ძალები დავტოვე და რაც მესმოდა და გამიგია, კონვერტებით ფულის გადაცემა, სეიფებიდან ფულის გამოღება და ოფიცრებზე გადანაწილება, ეს იყო ყოველდღიური ცხოვრება. იყო პრივილეგირებული ადამიანების, ოფიცრების ფენა, ვისაც განსხვავებული ხელფასი მიეცემოდათ. სააკაშვილს ჰგონია, რომ ის მეთოდები, რაც ადრე გამოიყენებოდა, დღესაც გამოიყენება. დღეს დახლის მიღმა არაფერი ხდება, არ ხდება ოფიცრებზე კონვერტების გადაცემა, ეს არის მხოლოდ აბსურდი“, – განაცხადა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქზე“ გავრცელებულ ვიდეოში განაცხადა, რომ საქართველო არის გადასარჩენი და მას სამხედრო მოსამსახურეების პატრიოტიზმის იმედი აქვს. მან ასევე მიმართა სამხედრო მოსამსახურეებს, მოემზადონ სამოქალაქო ვალის შესასრულებლად.

„საქართველო არის გადასარჩენი. მოგმართავთ ჩვენს საამაყო სამხედრო მოსამსახურეებს, მაგრამ პირველ რიგში, როგორც მოქალაქეებს, ყველა უნდა მოვემზადოთ სამოქალაქო ვალის შესასრულებლად არჩევნებზე აქტიურად მონაწილეობისთვის. თქვენი პატრიოტიზმის იმედი მაქვს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.