ვლადიმერ ჩაჩიბაია - ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარება არის ჩვენი ხელისუფლების უზენაესი მოვალეობა, რასაც წარმატებით ართმევს თავს
ვლადიმერ ჩაჩიბაია - ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარება არის ჩვენი ხელისუფლების უზენაესი მოვალეობა, რასაც წარმატებით ართმევს თავს

საქართველოს ჰყავს ერთ-ერთი საუკეთესო თავდაცვის ძალები, მამაცი ჯარისკაცები, რომლებიც ნებისმიერი აგრესიის შემთხვევაში, აგრესორს საკადრის პასუხს გასცემს, ხოლო ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარება არის ჩვენი ხელისუფლების უზენაესი მოვალეობა, რომელსაც წარმატებით ართმევს თავს, – ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმერ ჩაჩიბაიამ პარლამენტის პლენალურ სხდომაზე განაცხადა.

დეპუტატმა ასევე ისაუბრა ნატო-საქართველოს რიგით მესამე სწავლებაზე, რომელიც 20-25 მარტს გაიმართა და აღნიშნა, რომ ეს სწავლება კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოსა და ნატო-ს თანამშრომლობის მაღალ ხარისხს.

„რაც შეეხება საქართველოს და ნატო-ს ურთიერთობებს, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში 20-25 მარტს საქართველოს თავდაცვის ძალების, ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ცენტრმა უმასპინძლა რიგით მესამე სწვლებას, რომელშიც ნატო-ს წევრი და პარტნიორი ოცზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. ნატო-საქართველოს პირველი სწავლება 2016 წელს, მეორე კი 2019 წელს გაიმართა. აღნიშნული სწავლება არის სამეთაურო, საშტაბო, რაც გულისხმობს კომპიუტერული სიმულაციების მეშვეობით ოპერაციების დაგეგმვისა და აღსრულებისთვის საჭირო უნარჩვევების გამომუშავებას. წელს პირველად სწავლებაში ინტეგრირებული იყო ნატო-ს სწრაფი რეაგირების ქართული ასეული. აღნიშნული სწავლება და აღსრულება, სრულად ქართველი ოფიცრების და სერჟანტების მიერ განხორციელდა, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს თავდაცვის ძალების, პირადი შემადგენლობის მაღალ კვალიფიციურობას და პროფესიონალიზმს. თავდაცვისა და უშიშროების წევრებმა, კომიტეტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, სწავლებაზე ჩამოსულ საპატიო სტუმრებთან მნიშვნელოვანი შეხვედრები გავმართეთ, განვიხილეთ უკრაინაში მიმდინარე ომის დინამიკა და რეგიონში არსებული გამოწვევები. საქართველოში რიგით მესამე ნატო-საქართველოს სწავლება, კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი თანამშრომლობის მაღალ ხარისხს“, – განაცხადა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.