ვლადიმერ ჩაჩიბაია - მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა დარჩენილი, რომ საქართველო გახდეს ნატო-ს წევრი,  სამხედრო თვალსაზრისით, ფაქტობრივად ხარვეზი არ არსებობს
ვლადიმერ ჩაჩიბაია - მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა დარჩენილი, რომ საქართველო გახდეს ნატო-ს წევრი, სამხედრო თვალსაზრისით, ფაქტობრივად ხარვეზი არ არსებობს

საქართველო პოლიტიკურ ნაწილში სრულად იზიარებს ნატო-ს ფუნდამენტურ პრინციპებს და აკმაყოფილებს ნატო-ს მოთხოვნებს, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ძალების ყოფილმა მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, სასიხარულოა, რომ საქართველოს თავდაცვაში მიმდინარე რეფორმები აღიარებულია ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის მიერ.

„ნატო შედგება პოლიტიკური და სამხედრო შემადგენელისგან. საქართველო სამხედრო თავსებადობის თვალსაზრისით, ბევრ ქვეყანაზე მეტად თავსებადია ნატო-ს სტანდარტებთან, რაც განპირობებულია იმ მნიშვნელოვანი რეფორმებითა და ნაბიჯებით, რომლებიც ხორციელდება, დღესაც გრძელდება და მიმდინარეობს. ფაქტობრივად, სამხედრო თვალსაზრისით, არანაირი ხარვეზი არ არსებობს, დარჩენილია მხოლოდ მნიშვნელოვანი ნაწილი – პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომლის შედეგად შეიძლება, ქვეყანა გახდეს ნატო-ს წევრი.

პოლიტიკურ გადაწყვეტილებას კი სხვადასხვა წახნაგი და პოლიტიკური გარემოება აქვს, რაზეც დამოკიდებულია ჩვენი ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანება. საქართველო პოლიტიკურ ნაწილში ნატო-ს ფუნდამენტურ პრინციპებს სრულად იზიარებს და ჩვენი ქვეყანა ამ თვალსაზრისითაც სრულად აკმაყოფილებს ნატო-ს მოთხოვნებს. ნატო-ს ნებისმიერი წევრი ქვეყნის წარმომადგენელი, ვისაც ქართველ ჯარისკაცთან უმუშავია, ყველა ცალსახად აღნიშნავს ჩვენი ჯარისკაცების მაღალ პროფესიონალიზმს. ეს პროფესიონალიზმი ჩამოყალიბდა სწორი რეფორმების პროცესში. გვიხარია, რომ საქართველოს თავდაცვაში მიმდინარე პროცესები აღიარებულია ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის მიერ.

თავდაცვის ძალები მნიშვნელოვნად დაიხვეწა როგორც ინსტიტუციური მიმართულებით, ასევე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა თავდაცვითი შეიარაღების მიზნობრივი შეძენისა და განვითარების თვალსაზრისით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სტრატეგია, რომელიც ქვეყანას უსაფრთხოებისა და თავდაცვის კუთხით აქვს, მისი თავდაცვითი შესაძლებლობები პასუხობდეს გეგმას. გვიხარია, რომ ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის მხრიდან ეს აღიარება კიდევ ერთხელ მოვისმინეთ. პროცესი გაგრძელდება, რადგან დღეს თავდაცვის ძალებს ერთ-ერთი საუკეთესო სამეთაურო ხელმძღვანელობა ჰყავს“, – განაცხადა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.

დატოვე კომენტარი