ვლადიმერ ჩაჩიბაია - ჯარისკაცზე ორიენტირებული სოციალური პირობებისა და სამხედროების ღირსეული საცხოვრებელი გარემოს შექმნა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გაცხადებული პოლიტიკაა
ვლადიმერ ჩაჩიბაია - ჯარისკაცზე ორიენტირებული სოციალური პირობებისა და სამხედროების ღირსეული საცხოვრებელი გარემოს შექმნა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გაცხადებული პოლიტიკაა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ჯარის ქალაქის მშენებლობის პროცესზე განცხადება გააკეთა.

როგორც ჩაჩიბაიამ პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, მახათის მთაზე, 100 ათასი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთზე, ყველაზე ფართო მასშტაბიანი პროექტის განხორციელება უკვე დაიწყო.

„პროექტის იდეა 2018 წელს დაიბადა, ხოლო მშენებლობა 2021 წელს დაიწყო და მომავალი წლის ბოლოს დასრულდება. პროექტის მიხედვით, მახათას მთაზე 7-სართულიანი 39 კორპუსი აშენდება, რომელშიც 1092 ბინა განთავსდება. სამხედროები საცხოვრებელი ფართის შეძენას უპრეცენდენტოდ შეღავათიანი პირობებით შეძლებენ. პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილისა და თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, ხარჯების ნახევარს სახელმწიფო დაფარავს და სამხედროებს ერთ კვადრატულ მეტრში საშუალოდ 100 აშშ დოლარის გადახდა მოუწევთ. ამ თანხის გადასახდელად მათ საშუალება ექნებათ არა საბანკო გარანტიებით, არამედ უპროცენტო, შიდა განვადებით ისარგებლონ. ბინათმშენებლობის პროექტი ასევე ითვალისწინებს საბავშვო გასართობი სივრცეების, შიდა გზების, რეკრეაციული და პარკირების ზონების მოწყობას. ჯარისკაცზე ორიენტირებული სოციალური პირობების და სამხედროების ღირსეული საცხოვრებელი გარემოს შექმნა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გაცხადებული პოლიტიკაა“, – განაცხადა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.