ვლადიმერ ჩაჩიბაია - დღეს ქართული არტილერია 29 წლის გახდა
ვლადიმერ ჩაჩიბაია - დღეს ქართული არტილერია 29 წლის გახდა

15 მარტს საქართველოს თავდაცვის ძალების არტილერიის დღე აღინიშნება, ქართული არტილერია 29 წლის გახდა. ქართულმა არტილერიამ დიდი წვლილი შეიტანა 2008 წლის აგვისტოს ომში, უთანასწორო ბრძოლებში სწორედ არტილერიის მასიური ცეცხლის შედეგად შეანელა მოწინააღმდეგემ შეტევები და განიცადა დიდი დანაკარგი, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თვამჯდომარის მოადგილემ, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო პერიოდის ომებმა ყველას დაანახა, რომ მნიშვნელოვანია თანამედროვე საარტილერიო დანადგარების და ცეცხლის მართვის თანამედროვე სისტემების განვითარება.

„1993 წლის 14-16 მარტს რუსეთის რეგულარული არმიის ნაწილებმა და რუსეთის სპეცსამსახურების მიერ მართულმა ჩრდილო კავკასიის, კაზაკების და სეპარატისტების ბანდდაჯგუფებებმა მდინარე გუმისთის გასწვრივ არსებულ ფრონტის ხაზზე ფართომასშტაბიანი შეტევა განახორციელეს, მძიმე ბრძოლების შედეგად ქართულმა არტილერიამ გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა მოწინააღმდეგეს და დიდი დანაკარგების გამო ეს უკანასკნელი იძულებული გახდა, უარი ეთქვათ შეტევის გაგრძელებაზე. 15 მარტი ქართული არტილერიის დღედ სწორედ ამ დღეებში მოპოვებული გამარჯვების გამო გამოცხადდა. ქართულმა არტილერიამ დიდი წვლილი შეიტანა 2008 წლის აგვისტოს ომში, უთანასწორო ბრძოლებში სწორედ არტილერიის მასიური ცეცხლის შედეგად შეანელა მოწინააღმდეგემ შეტევები და განიცადა დიდი დანაკარგი. 1921 წელს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები საარტილერიო დანადგარებისა და ჭურვების დიდ ნაკლებობას განიცდიდა, ქართული არტილერია მედგარ წინააღმდეგობას უწევდა წითელი არმიის ურდოებს, მტკიცედ იცავდნენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიებს და მუსრს ავლებდნენ მოწინააღმდეგეს.

ჩვენი წინაპრების მთავარ ამოცანას წარმოადგენდა ძლიერი საჯარისო შენაერთების ჩამოყალიბება, ჯერ კიდევ მე-17 საუკუნეში ვახტანგ VI ცდილობდა რომ შეექმნა ძლიერი საარტილერიო ქვედანაყოფები, მე-18 საუკუნეში კი ერეკლე მეფემ სრულყოფილი სახე მისცა ქართულ საარტილერიო გვარეობას, შეიქმნა ზარბაზნების ჩამოსასხმელი ქარხანა, სადაც დასაქმდნენ სხვდასხვა ქვეყნიდან მოწვეული სპეციალისტები, ითარგმნა და გამოიცა ქართულ ენაზე საარტილერიო წესდება. ისტორიკოსების გადმოცემით ერეკლე მეფე შიშის ზარს სცემდა მტრებს თავისი არტილერიით. დღეს ჩვენი ქვეყანა და რეგიონი დიდი გამოწვევების წინაშე დგას, უკრაინაში მიმდინარე მოვლენები კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების აუცილებლობაზე. თავდაცვის ძალების განვითარების 10-წლიანი გეგმის ერთ ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს ეფექტიანი საარტილერიო შესაძლებლობების განვითარება წარმოადგენს.

ბოლო პერიოდის ომებმა დაგვანახა, რომ მნიშვნელოვანია თანამედროვე საარტილერიო დანადგარების და ცეცხლის მართვის თანამედროვე სისტემების განვითარება. მომავლის ხედვაში განსაკუთრებული აქცენტები კეთდება შორს მსროლელ და მობილურ/თვითმავალ საარტილერიო შესაძლებლობებზე, ასევე მნიშვნელოვანი იქნება ეტაპობრივად ნატო-ს კალიბრზე გადასვლა. ჩვენი ხელისუფლების მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ჯარისკაცზე ორიენტირებული სოციალური პირობების შექმნა. ჩვენი სამხედროები იმსახურებენ დაფასებას და პატივისცემას. ჩვენმა მებრძოლებმა არა ერთგზის გვასახელეს კოსოვოს, ერაყის, ავღანეთის და აფრიკის მისიებში. საქართველომ ნატო-ს მისიებში იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე ბევრმა ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა ერთად აღებული. აქვე მინდა, გავიხსენოთ და პატივი მივაგოთ ყველა მებრძოლს, ვინც თავი შესწირა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს, ქედი მოვიხარო ჩვენი დაჭრილ-დაშავებული სამხედროების წინაშე, მადლობა ვუთხრა ჩვენს სახელოვან ვეტერანებს, მათი წვლილი დიდია ჩვენი საზოგადოებისა და ქვეყნის წინაშე. ყველა მოქმედ სამხედროს ვუსურებ ჯანმრთელობას. სიძლიერეს და ყოველთვის მტერზე გამარჯვებას. გაუმარჯოს საქართველოს, გაუმარჯოს ქართულ არტილერიას“, – აცხადებს ჩაჩიბაია.