ვლადიმერ ბორცვაძე - საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი არ აპირებენ ჩვენთან ულტიმატუმის ენით საუბარს
ვლადიმერ ბორცვაძე - საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი არ აპირებენ ჩვენთან ულტიმატუმის ენით საუბარს

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი არ აპირებენ ჩვენთან ულტიმატუმის ენით საუბარს, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ სოფელ ჩორჩანასთან განაცხადა.

როგორც ვლადიმერ ბორცვაძემ აღნიშნა, დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი შედგა კონსტრუქციულ, მშვიდ რეჟიმში ყოველგვარი გართულებების გარეშე.

„დღევანდელ შეხვედრაზე არაერთ საკითხთან დაკავშირებით იყო საუბარი. პირველივე და მთავარი არის ის, რომ როგორც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა განაცხადეს, ისინი არ აპირებენ ჩვენთან ულტიმატუმის ენით საუბარს. განმარტეს, რომ ეს იყო არასწორი ინტერპრეტაცია ჟურნალისტების მხრიდან. ცალსახა, რომ ბლოკსაგუშაგო განთავსებულია ერთადერთი მიზნით, უსაფრთხოების დაცვის მიზნით. ჩვენ კითხვებზე, რომელიც საგუშაგოს განთავსებასთან დაკავშირებით გააჩნდათ, დეფაქტო ცხინვალის წარმომადგენლებს ავუხსენით და განვუმარტეთ, რომ ეს საგუშაგო ემსახურება ერთადერთ მიზანს, უსაფრთხოების დაცვას. მათ თქვეს, რომ ამ საგუშაგომ შეშფოთება გამოიწვია ადგილობრივ ხელისუფლებაში“, – განაცხადა ბორცვაძემ.

მისივე თქმით, ცხინვალის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები დაარწმუნეს, რომ პოლიციელების ერთადერთი მიზანი, რომელიც ამ საგუშაგოზე არიან განთავსებულნი, არის უსაფრთხოების დაცვა და მეტი არაფერი.

„გარკვეული კითხვები ბლოკპოსტის ლოკაციასთან დაკავშირებით დაისვა, თუმცა ლოგიკური არგუმენტები, რატომ არ უნდა იყოს საგუშაგო ამ ლოკაციაზე, არ დაგიმალავთ, ვერ მოვისმინე. ჩვენ ჩვენი არგუმენტები ვუთხარით. შესაბამისად, ბლოკსაგუშაგო რჩება ამ ადგილზე და ჩვენი ბიჭები აგრძელებენ უსაფრთხოების დაცვას ისევე როგორც აქამდე ახორციელებდნენ“, – განაცხადა ბორცვაძემ.